მამუკა მდინარაძე - ცესკო-ს თავმჯდომარეს ბრიფინგი შეაწყვეტინეს, რათა რევოლუციური სცენარი მოქმედებაში მოიყვანონ, ტყუილზე დაფუძნებული მუხტის აწევას ადგილი ვერ ექნება
მამუკა მდინარაძე - ცესკო-ს თავმჯდომარეს ბრიფინგი შეაწყვეტინეს, რათა რევოლუციური სცენარი მოქმედებაში მოიყვანონ, ტყუილზე დაფუძნებული მუხტის აწევას ადგილი ვერ ექნება

ცესკო-ს თავმჯდომარეს ორჯერ შეაწყვეტინეს ბრიფინგი, რათა ის რაღაც რევოლუციური სცენარი მოქმედებაში მოიყვანონ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტს.

მდინარაძის თქმით, ტყუილზე დაფუძნებით, საზოგადოებაში მუხტის აწევა ვერ მოხდება.

„ძალიან მძიმე ფაქტი ვნახეთ, როდესაც ცესკო-ში, ადგილი ჰქონდა საბოტაჟის ფაქტს, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ორჯერ შეაწყვეტინეს ბრიფინგი, რათა ის რაღაც რევოლუციური სცენარი, რომელსაც ისინი თავიანთ რიგებში აანონსებდნენ, როგორმე მოქმედებაში მოიყვანონ. თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო შემდგარია და ტყუილზე დაფუძნებული მუხტის აწევას ადგილი ვერ ექნება. ჩვენ მოგვდის ადგილებიდან ინფორმაციები, რომლებიც ითვლება დეტალურად. ამ წუთებში, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ გამოაცხადა, თუ არ ვცდები, რაოდენობაში დაახლოებით 1 080 უბნის შედეგი.  ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი მონაცემი, ეს ეხება 1 600-ზე მეტ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენი წარმომადგენლები გვაწვდიან და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგი დაახლოებით, 51 პროცენტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, ცესკო-ში მომხდარი ფაქტით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები.

ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას წინასწარი შედეგების გამოცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ შეაწყვეტინა. ცესკო-ს წინასწარი შედეგები გააპროტესტა „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით გურგენიძემაც.