მამუკა მდინარაძე - ბუნებრივია, არც ერთი პარტნიორი ისეთ განცხადებებს არ გააკეთებს, სადაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე არ იქნება საუბარი, მაგრამ ამავე დროს მკაფიოდ მიუთითებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც
მამუკა მდინარაძე - ბუნებრივია, არც ერთი პარტნიორი ისეთ განცხადებებს არ გააკეთებს, სადაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე არ იქნება საუბარი, მაგრამ ამავე დროს მკაფიოდ მიუთითებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც

ჩვენი მხრიდან პრინციპული წიანააღმდეგობა არ ყოფილა და ეს ყველამ იცის. ხელს ვაწერდით დოკუმენტს. არა თუ ხელმოწერამდე მივიდა საქმე, არამედ არც კი გაგრძელდა მსჯელობა, რადგან მეორე მხრიდან პრიორიტეტულად ულტიმატუმები იყო დაყენებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, ამასთან დაკავშირებით მდინარაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას მართავს, ნებისმიერ შემთხვევაში პროცესებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ საერთაშორისო მეგობრები ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც მკაფიოდ მიუთითებენ. 

„რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ არც ერთი პარტნიორი, მეგობარი, მით უმეტეს თუ დასავლელ პარტნიორებზეა საუბარი და ამ სივრცეში ვსაუბრობთ, ისინი არასდროს ისეთ განცხადებებს არ გააკეთებენ, სადაც არ იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმ გუნდის პასუხისმგებლობაზე, რომელიც მართავს ქვეყანას. ეს წარმოუდგენელია, რაც არ უნდა პროცესები განვითარდეს და ამაში რაც არ უნდა მტყუანი იყოს ოპოზიცია. წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას,  რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არაფერი არ არის იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. აქ ნიშანდობლივია, რომ ამ ფონზე ისინი მკაფიოდ, ხაზგასმით მიუთითებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა და პირველი ნაბიჯები გადადგას.

„ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა, პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას. მათი ამომრჩევლების მიმართ იქნება კორექტული, რომ კომპრომისული ნაბიჯები გადადგას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიების წევრები შევლენ საქართველოს პარლამენტში და იქ ითანამშრომლებენ. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ იმავდროულად ობსტრუქცია არ უნდა მოაწყოს ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა, სხვა ყველაფერი არის უბრალოდ ფუჭი. ვერ ვხედავ, ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ რატომ არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას, მათი არგუმენტი არის, იმიტომ, რომ ოპოზიციამ არ მოაწერა, ეს არ არის ჩემთვის არგუმენტი. მათი ხელმოწერა იყო მნიშვნელოვანი. მათ შეეძლოთ გამოეხატათ კეთილი ნება და მოეწერათ ხელი. ეს იქნებოდა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი, ბევრი ცვლილება, ბევრი კომპრომისი ავტომატურად შევიდოდა ძალაში. ორივე მხარემ უნდა დათმოს, არა ჩემთვის, არა პირადი კარიერისთვის, არამედ ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, მოქალაქეებისთვის უკეთესი ეკონომიკური განვითარებისთვის, ეს ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა, ნაცვლად მათი ეგოს უკანა პლანზე გადაწევისა, მათ პოლიტიკური მომენტები უნდა წამოწიონ წინა პლანზე“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.