მამუკა მდინარაძე - ბრიუსელში კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ეს არის ევროპის ქვეყნების ოფიციალური პოზიცია
მამუკა მდინარაძე - ბრიუსელში კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ეს არის ევროპის ქვეყნების ოფიციალური პოზიცია

მგონია, ვინც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციას უსმინა და უყურა, ნახავდა, რომ იქ იყო ძალიან მკაფიო, ნათელი გზავნილები და კითხვები აღარ დარჩებოდათ ევროპის ქვეყნების ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით. მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, იყო თავისუფალი და სამართლიანი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას არ გაურბის.

„ეს ხაზგასმა შემთხვევითი არ იყო და იმ კითხვის საპასუხოდ იყო, რაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ეხება. ჩვენი დღის წესრიგი არის მოლაპარაკების მაგიდასთან შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. საუბარია იმაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს მიუხედავად იმ ურთულესი გამოწვევებისა, რაც პანდემიისგან ზიანმა განაპირობა. უნდა მივყვეთ ზედმიწევნით და 2024 წლისთვის ყველა პირობა უნდა იყოს შესრულებული, რომ უფლება გვქონდეს, განაცხადი შევიტანოთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. რაც შეეხება ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს, იმ პასუხისმგებლობას, რაც მმართველ გუნდს აქვს, არსად გავურბივართ და ჩვენს მოქმედებებში ჩანს, მაგრამ კიდევ ერთხელ ნათლად იყო მითითებული, რომ ბოიკოტი არ არის ის სწორი გზა, რაც იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან რელევანტური.

საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ ნათლად გაეცა პასუხი არა ჩვენი მხრიდან, არამედ ყველაზე ობიექტური დამკვირვებლების მხრიდან, ეს იყო ევროპის ქვეყნების ოფიციალური პოზიცია, რომელიც ბორელმა წარმოადგინა. მგონი, როცა ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირს ეკითხებიან, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და ის პასუხობს, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, ამაზე მკაფიო პასუხი არ არსებობს. ამაზე ნათელი პასუხი შეუძლებელია გასცეს ადამიანმა, ვინც სხვებთან ერთად საუბრობს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე“, – განაცხადა მდინარაძე.

დატოვე კომენტარი