მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით სამი მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული
მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით სამი მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული

ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. იგი პატრონობს ბევრ ისტორიულ, კულტურულ ძეგლსა და ნაგებობას, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დათვალიერებას.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას გამუდმებით ეწევა, ოპონენტები კი უსუსური არგუმენტებით და ნეგატიური პიარით ცდილობენ, ეკლესია-მონასტრების მოვლა და რეაბილიტაციაც კი ნეგატივში გადაიტანონ.

„დღეს ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთში, სადაც საერთოდ არჩევნებზე არ არის საუბარი. სამების ტაძრის მოხატვასთან დაკავშირებითაც იყო გამოხტომები, თითქოს ეს ხდება საარჩევნო მიზნებისთვის, რაც აბსოლუტური აბსურდია. ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. იგი პატრონობს ბევრ ისტორიულ, კულტურულ ნაგებობას, ძეგლს და გამუდმებით ეწევა ამ ქველმოქმედებას. ძალიან მიკვირს როგორ ახერხებენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, ასეთი კეთილშობილური საქმის გაკრიტიკებას და აქაც იმის მცდელობას, რომ რაღაცნაირად ესეც ნეგატივში გადაიტანონ. ნეგატივში გადაიტანონ ქველმოქმედება, ეკლესია მონასტრების მოვლა და რეაბილიტაცია. ეს არის აბსოლუტურად უსუსური არგუმენტებისგან შემდგარი ნეგატიური პიარი, რომელსაც რეალობასთან არანაირი შეხება არ აქვს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მეუფე თეოდორესთან ერთად, აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ძეგლები შეუზღუდავად ფინანსდება, რათა სიძველეები მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული.