მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის მთავარი ქველმოქმედება იყო, როდესაც გადაწყვიტა, დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობა
მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის მთავარი ქველმოქმედება იყო, როდესაც გადაწყვიტა, დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობა

განსაკუთრებული ორიგინალურობა არ არის, თუ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიიდან და პოლიტიკიდან არის უსერიოზულესი გამოწვევა. ამიტომ ვსაუბრობთ სწორედ პოლიტიკური იმუნიტეტის აღდგენაზე და გაძლიერებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ყველაზე მთავარი ქველმოქმედება იყო პოლიტიკური ქველმოქმედება,როდესაც მან გადაწყვიტა, დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობა.

„ეს სერიოზული დანაკლისი ჩვენ უნდა შევავსოთ გაათმაგებული ძალისხმევით, რადგან ერთია პარტიის სტრუქტურა, მისი გაძლიერება, ამომრჩეველთან ურთიერთობა, კიდევ უფრო ხშირი და ინტენსიური კომუნიკაცია და მეორეა ქვეყნის მართვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული გამოცდილება დაგვიგროვდა უკვე ამ ხნის განმავლობაში, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს, „ქართულ ოცნებას“, ამაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო თვითონ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი და არა ქველმოქმედი და არა პიროვნება, არამედ პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი. შემთხვევით არც იმაზე გვაქვს საუბარი, რომ ყველაზე მთავარი ქველმოქმედება მისი იყო პოლიტიკური ქველმოქმედება, როდესაც მან გადაწყვიტა, დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში განაპირობებდა ქვეყნის დემოკრატიულ მართვას.

სწორედ მაშინ, როდესაც ეს ადამიანი დარწმუნდა, რომ ასეთი ინსტიტუტები შეიქმნა, არის სერიოზული საფუძველი საიმისოდ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ თამამად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობაზე, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან პოლიტიკისა და პარტიის დატოვება. არამხოლოდ გვმართებს უპრეცედენტო ერთიანობა ამ ფონზე და ერთიანები ვართ, არამედ გუნდი არის ძალიან შეკრული, პირადი ურთიერთობების დონეზეც კი. შემიძლია ვთქვა და დაგიდასტუროთ, რომ სპეკულაციები, რაც ამ დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, არის აბსოლუტურად უადგილო და გარდა გუნდის წევრებსა და ლიდერებს შორის კარგი ურთიერთობების გარდა, არსებობენ ინსტიტუტები, არსებობს სისტემა და ამ სისტემის შექმნას ორი-სამი წლის წინ განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამაც მყარად შეუწყო ხელი. ეს ინსტიტუტებიც, გუნდის შიგნით არსებული ურთიერთობების გარდა, უზრუნველყოფენ იმას, რომ ბალანსი იყოს დაცული და ამ ბალანსში ჩვენ ასევე დავინახოთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უპირობობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.