მამუკა მდინარაძე - მესიჯში ეწერა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო
მესიჯში ეწერა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო, – განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. მდინარაძის თქმით, სატელეფონო გზავნილი, რომელიც შემთხვევით ეკა ბესელიამ მიიღო, ინფორმაციული ხასიათის იყო.
„შეკრებილი იყო ინფორმაცია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ხმოვანდებოდა ჩვენი თანაგუნდელებისგან. ამას გარდა, სხვა ინფორმაციებიც იყო. მინდა, ქალბატონ ეკას ვუთხრა, რომ თანახმა ვარ, გამოაქვეყნოს, რადგან მას აქვს ე.წ. სქრინშოთი, რის შესახებაც თქვა. გამოაქვეყნოს, არანაირ პრობლემას ამასთან დაკავშირებით არ ვქმნი. აქვე დავუდასტურებ, რომ ვეთანხმები თითოეულ პუნქტს, თითოეულ ინფორმაციას, რაც იმ მესიჯში იყო მოტანილი. მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტი შემიძლია გაგიმხილოთ – იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელს ურჩევდა, რომ ეკა ბესელია საერთოდ არ მოხვედრილიყო სიაში.
ასევე, სხვა ინფორმაციებიც იყო ამ მესიჯში. თითოეულ პუნქტზე პასუხს ვაგებ, წერტილზე და მძიმეზე, რაც იმ მესიჯში ინფორმაციის სახით იყო ამოკრებილი. გარდა ამისა, გარკვეული შეფასებებიც იყო და ისიც შემიძლია დაგიდასტუროთ. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, გამოაქვეყნებს ალბათ და ნახავთ, არც ერთი სალანძღავი სიტყვა ამ მესიჯში არ ყოფილა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძემ მისი სალანძღავი ტექსტი შემთხვევით მასვე გაუგზავნა.