მამუკა მდინარაძე - აშშ-ის ელჩის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენი ერთი კოლეგის განცხადებისგან, რომლის საფუძველიც ლობისტების ინტენსიური მუშაობაა
მამუკა მდინარაძე - აშშ-ის ელჩის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენი ერთი კოლეგის განცხადებისგან, რომლის საფუძველიც ლობისტების ინტენსიური მუშაობაა

ელჩების განცხადებები, აშშ-ის ელჩის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება აბსოლუტურად განსხვავებულია ჩვენი ერთი კოლეგის განცხადებისგან, რომლის საფუძველიც არის ლობისტების მიერ ძალიან ინტენსიური მუშაობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საუბარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე სახელწოდებით – „აშშ უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

კონგრესმენი წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციის. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ამერიკული ბიზნესის გასაძევებლად, რომელიც ქვეყანაში კანონიერად მოქმედებს“. მარკუეინ მალინი ამის მაგალითად კომპანია „ფრონტერას“ მიიჩნევს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი-ორი ჩვენი კოლეგის განცხადებებს გამოარჩევთ ხოლმე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება ოფიციალური შტატების, ევროპის ყველა ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებებისგან. ნახეთ, ელჩების განცხადებები, რომლებიც სამწუხაროდ „ნაცმოძრაობას“ და მათ ტელევიზიებს არ მოეწონათ. ასევე, ნახეთ აშშ-ის ელჩის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია იმ ერთი ჩვენი კოლეგის განცხადებისგან, რომლის საფუძველიც და წყაროც გახლავთ ლობისტების მიერ ძალიან ინტენსიური მუშაობა, რომელსაც ბოლო პერიოდში შედეგი აღარ მოაქვს, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, თუნდაც, ნოემბრის შეცდომის გამოსასწორებლად“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით,  „ნაციონალური მოძრაობა“ ფარული, თუ ღია კავშირებით ყველაფერს აკეთებდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდნილიყო.

„ჩვენი პარტნიორების რეაქცია იყო ადეკვატური და უკიდურესად პოზიტიური. თუ ამას ეწინააღმდეგება ერთი-ორი ჩვენი კოლეგის კონტექსტიდან ამოვარდნილი განცხადება, ეს უკვე მათი პასუხისმგებლობის საკითხია და ეს ვერაფერს დააზიანებს ურთიერთობებში, რაც არ უნდა იძახოს ვიღაცამ, რომ ოლიგარქიული მმართველობაა. ერთი-ორი ჩვენი კოლეგის ასეთი განცხადება აბსოლუტურად ამოვარდნილია იმ კონტექსტიდან, რომელსაც გვთავაზობენ მათი ქვეყნები, მათი ოფიციალური წარმომადგენლები და ისინი ამბობენ, რომ საქართველო-ამერიკის, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატო-ს ურთიერთობა არ ყოფილა ისეთ ნიშნულზე, როგორზეც არის დღეს. ეს ძალიან აღიზიანებს „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი