მამუკა მდინარაძე - არის საკითხები, რაზეც უნდა გამოხვიდე ეროვნული, ომის არდაშვების ინტერესიდან და შექმნილი დოკუმენტი დაცალო პროვოკაციული რიტორიკისგან
მამუკა მდინარაძე - არის საკითხები, რაზეც უნდა გამოხვიდე ეროვნული, ომის არდაშვების ინტერესიდან და შექმნილი დოკუმენტი დაცალო პროვოკაციული რიტორიკისგან

მოცემულ ვითარებაში რეზოლუციის პროექტი ზუსტად გამოხატავს საქართველოს ეროვნულ და რეგიონში ომის არდაშვების ინტერესებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დოკუმენტი გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხსა და უკრაინის სუვერენიტეტს, დანარჩენი ყველაფერი კი, მეორეხარისხოვანია.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „საბაბის მოშველიება, პროცესში არჩართვის საფუძვლად, სწორი არ არის“.

ამასთან, როგორც მდინარაძემ განაცხადა, რეზოლუციის შინაარსი მოცემულ ვითარებაში არის ყველაზე ოპტიმალური და სწორი პოზიცია, რათა სამომავლოდ ქვეყანა ყველასთან მართალი იყოს.

„ოპონენტებს შევახსენებ, როგორც კი რეზოლუციას ვახსენებ, მათ მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია მახსენდება, როცა მხარი დაუჭირეს იმას, თითქოს, ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი 2008 წლის აგვისტოში. ამაზე პასუხი გაქვთ? კერძოდ, 2008 წლის ჩანაწერზე, თითქოს, ქართველმა სამხედროებმა ომი დაიწყეს? – 2018 წლამდე, არავის წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ასეთი ამბავი მომხდარი იყო და რეზოლუციას ასე დაუჭირეს მხარი. რომელიმე თქვენგანმა იცოდით, ეს ამბავი 2018 წლამდე? რეზოლუციის პროექტში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ წერია, სუვერენიტეტის, ომის არდაშვების ინტერესის შესახებ? – მოცემულ სიტუაციაში რეზოლუციის შინაარსი არის ყველაზე ოპტიმალური და სწორი პოზიცია სამომავლოდ იმისთვის, რომ ყველასთან მართალი ვიყოთ.

სხვათა შორის, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ჩემი სიტყვები გადააკეთა და მოიტყუა, თითქოს, ვთქვი, დოკუმენტი უნდა მოეწონოს რუსეთს. სინამდვილეში ვთქვი, რომ რეზოლუცია ისეთი უნდა იყოს, ყველა დროში ყველასთან მართალი ვიყოთ, შიგნით, თუ გარეთ. ანუ, რეზოლუციის ტექსტი დაცლილი უნდა იყოს ყოველგვარი პროვოკაციული რიტორიკისგან, რათა მართალი იყო საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან. ასევე ისეთი მოცემულობა უნდა იყოს, რაც უდავოა და საერთაშორისო თვალსაზრისით ვერავინ შეგედავება. მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაგისახელებთ. იმას მივაღწიეთ, რომ მართლები რომ ვიყავით ოკუპანტ ქვეყანასთან, სასამართლო პროცესი მოვიგეთ. ჩემს ნათქვამს – ყველასთან მართალი უნდა ვიყოთ, მოწონებად რომ გადათარგმნი, ე.ი. გინდა, ხალხი მოატყუო. არის საკითხები, რაზეც ეროვნული ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე, სიღრმეებში აღარ უნდა წახვიდე, გამოხვიდე ომის არდაშვების ინტერესიდან და შექმნილი დოკუმენტი დაცალო პროვოკაციული რიტორიკისგან. თუ ამ ორი ინტერესის თანხვედრიდან შეიძლება, გამოვიდეს ტექსტი, შეიძლება მხოლოდ ის გამოვიდეს, რაც ჩვენ გვაქვს და დანარჩენი ყველაფერი არის მარტივი და პრიმიტიული სპეკულაცია, რასაც არ უნდა ავყვეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.