მამუკა მდინარაძე - არჩევნებზე 50-დან 60 პროცენტამდე შედეგი არ არის უტოპია, ეს რეალობაა
მამუკა მდინარაძე - არჩევნებზე 50-დან 60 პროცენტამდე შედეგი არ არის უტოპია, ეს რეალობაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე 50-დან 60 პროცენტამდე შედეგის მიღებას შეძლებს.

მდინარაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდს საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციისთვის გამოიყენებენ.

„სწორება გვაქვს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე მიიღოს სულ ცოტა 50 პროცენტიდან 60 პროცენტამდე შედეგი. ვფიქრობ, ეს არ არის უტოპია, ეს არის რეალობა. კვლევებს თუ ბათუ ქუთელიები ჩაატარებენ, ეს კვლევა რეალური არ იქნება. ექსპერტები, რომლებიც ჩასხდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში, შეგვიძლია, ბათუ ქუთელიებად მოვიხსენიოთ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე მაღალი შედეგის მიღების იმედი, იმედი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი განწყობა არის ასეთი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ დღეს ჩვენი რეიტინგი 60 პროცენტია, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდი იძლევა იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობას, როდესაც ამ ნეგატიური დღის წესრიგის გარდა, უფრო მეტად შევძლოთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე, ჩვენს პროგრამაზე საუბარი. ერთია, რას ალაგებს „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სატელიტებში და მეორეა, რა ხდება საზოგადოებაში რეალურად. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომლის მიხედვითაც ვსახავთ გეგმებს, რომელიც 60 პროცენტს უახლოვდება“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.