მამუკა მდინარაძე - არც ვუშვებ, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება დადგება
მამუკა მდინარაძე - არც ვუშვებ, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება დადგება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არათუ ხმების 40 პროცენტს მიიღებს, არამედ მისი შედეგი 50 პროცენტსაც გადააჭარბებს.

კითხვაზე, გახდება თუ არა საჭირო კოალიციური მთავრობის შექმნა, მდინარაძე პასუხობს, რომ კოალიციაზე საუბარი არარელევანტური იქნება.

„არც ვუშვებ, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება დადგება, რადგან ამ მოდელში არსებობს შესაძლებლობა, როგორც კი, საპარლამენტო არჩევნებში პარტიის შედეგი 40 პროცენტს გადასცდება, მას კოალიციის შექმნის საჭიროება არ აქვს. ჩვენ არათუ 40 პროცენტს, არამედ 50 პროცენტსაც გადავცდებით, ამას ხალხის მხარდაჭერა უზრუნველყოფს და განაპირობებს. ამიტომ კოალიციაზე საუბარი საერთოდ არ იქნება რელევანტური. „ქართული ოცნების” გამარჯვება იმდენად მყარი იქნება, რომ დააკომპლექტებს არა მყიფე უმრავლესობას, არამედ მყარ უმრავლესობას და იმდენი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება და საფრთხე არ იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.