მამუკა მდინარაძე - არათუ იმ დროს, როდესაც სასამართლო პროცესი უკვე მიმდინარეობდა, არამედ წინა დღეებშიც ვმსჯელობდით ნიკა მელიას თემაზე, არასერიოზულია ასეთი მარტივი მანიპულაცია რეალური ინფორმაციით
მამუკა მდინარაძე - არათუ იმ დროს, როდესაც სასამართლო პროცესი უკვე მიმდინარეობდა, არამედ წინა დღეებშიც ვმსჯელობდით ნიკა მელიას თემაზე, არასერიოზულია ასეთი მარტივი მანიპულაცია რეალური ინფორმაციით

დღეს არის მცდელობა, რომ ირაკლი კობახიძის გუშინდელი ინტერვიუს ნაწილი იყოს სკანდალურ აღიარებად გაყიდული და მე დავამატებ, უფრო მეტი აღიარება და სკანდალურობა მინდა, შევძინო ამ ყველაფერს – არათუ იმ დროს, როდესაც უკვე სასამართლო პროცესი მომდინარეობდა, არამედ წინა დღეების განმავლობაშიც კი ვმსჯელობდით ნიკა მელიას თემაზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პოზიცია 17 თებერვლის 5 საათამდე გუნდის იდენტური იყო, თუმცა ის უცბად შეიცვალა.

მდინარაძის განცხადებით, იყო ორად ორი ვერსია – მოსამართლე პროკურატურის მიმართვას ან დააკმაყოფილებდა, ან არ დააკმაყოფილებდა და ერთ-ერთი ვერსიის და შემდეგ აღსრულების საკითხზე იყო მსჯელობა.

„მხოლოდ პოლიტსაბჭოზე კი არა უმრავლესობის სხდომაზეც გვქონდა დღეებით ადრე ამაზე საუბარი, მინდა, სკანდალურ აღიარებას დავამატო. არასერიოზულია მეგობრებო, ასეთი მანიპულაცია კონკრეტული რეალური ინფორმაციით. მოლოდინი იყო, რომ ან დააპატიმრებდა, ან არ დააპატიმრებდა. მეტსაც გეტყვით, მე პირადად მქონდა მეტი მოლოდინი, რომ პატიმრობას შეუფარდებდა. იქედან გამომდინარე, რომ გირაო ჰქონდა ამ ადამიანს დარღვეული, ყველა სხვა შემთხვევაში, ეს პატიმრობით სრულდება. ჩვენ ვმსჯელობდით არა მხოლოდ იმ დღეს, არამედ წინა დღეების განმავლობაში ამ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, ანუ არ აღსრულებულიყო ეს გადაწყვეტილება, თუ დარჩენილიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და აღსრულებულიყო. ასეც მოხდა. მსჯელობა იყო დღეების განმავლობაშიც და არა მხოლოდ ბოლო საათებში იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური ჩარევა ამაში არ უნდა ყოფილიყო და აღსრულებისთვის ხელი არ უნდა შეეშალა არავის, თუ მოსამართლე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ასეთ მარტივ მანიპულაციებს ყველამ უნდა დავანებოთ თავი. მე მგონი, რაღაც სტანდარტებზე უნდა შევთანხმდეთ. ამ სტანდარტში უნდა ჩავსვათ, რომ მოქალაქეთა, საზოგადოების წარმომადგენელთა ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე გვქონდეს სწორი წარმოდგენა – ასეთი მარტივი მანიპულაციით ვერ მოვატყუებთ და რაღაც ახალ სკანდალებს ვერ შევქმნით“, – განაცხადა მდინარაძემ.