მამუკა მდინარაძე - დავით ჭიჭინაძის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე არასერიოზულია
მამუკა მდინარაძე - დავით ჭიჭინაძის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე არასერიოზულია

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას გამორიცხავს და არასერიოზულს უწოდებს დავით ჭიჭინაძის განცხადებას, რომ შესაძლებელია, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დადგეს.

„რამდენიმე დეპუტატმა მძიმე შეცდომა დაუშვა თავის შეფასებებში. რეალურად რომ ვთქვა, არანაირი პრობლემა არ არსებობს, არ ვიქნები მართალი და ადეკვატური. პრობლემა არის რამდენიმე განცხადება, შეცდომას დავარქმევდი ამ ყველაფერს. ვფიქრობ, უმრავლესობის შიგნით ეს საკითხები უახლოეს მომავალში გაირკვევა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. პრობლემა არის, თუმცა მისი მასშტაბი არ არის ისეთი, როგორც გახმიანდა, ამ პრობლემის საფუძველი იყო არარეალური. იმაზე საუბარი, რომ შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით რამე საკითხი დაისვას, არასერიოზულია, მითუმეტეს ასეთი უსაფუძვლო თემების ფონზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შორის განხეთქილებაა.

მისი შეფასებით, გუნდში სხვადასხვა საკითხს მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავს, თუმცა გუნდის შიგნით რაღაც დაჯგუფებებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.

დავით ჭიჭნაძემ დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყებას არ გამორიცხავს.