მამუკა მდინარაძე – არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება უცხოური ძალა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას შეებრძოლება, დამოუკიდელები უნდა ვიყოთ ყველასგან
დღეს ოკუპაციას ახორციელებს რუსეთი და ის არის მტერი, მაგრამ ხვალ თუ სხვა დააპირებს, იმასაც მტერი უნდა დავუძახოთ. საქართველო ყოველთვის იბრძოლებს დამოუკიდებლობისთვის, ვინც არ უნდა იყოს მეორე მხარეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე“.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, დამოუკიდელები უნდა ვიყოთ ყველასგან, არასდროს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება უცხოური ძალა, რომელიც შეებრძოლება საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს სწორედ ასე უნდა ითქვას.
„ზუსტად იგივე მინდა, გავიმეორო, დიახ, ტოლობის ნიშანია დასასმელი და კარგად შევიგნოთ ერთი რამ, რომ უცხოური ძალა, ეს იქნება რუსი ოკუპანტი თუ სხვა უცხოური ძალა, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ხელყოფს, ამას საქართველოსთვის და ქართველისთვის არ აქვს მნიშვნელობა. ოკუპაციას რუსეთი განახორციელებს თუ სხვა ქვეყანა დააპირებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ოკუპაციას ახორციელებს რუსეთი და ის არის მტერი, მაგრამ ხვალ თუ სხვა დააპირებს, იმასაც მტერი უნდა დავუძახოთ, ასეც თუ იკადრეს. როდესაც დამოუკიდებლობას ხელყოფს სხვა ჯგუფი, ეს იქნება რუსული ჯგუფი, სხვა ეროვნული წარმოშობის რაიმე ჯგუფი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ჩვენ აქეთ ვინ დაგვიწყებს. საქართველო ყოველთვის იბრძოლებს დამოუკიდებლობისთვის, ვინც არ უნდა იყოს მეორე მხარეს. დამოუკიდებელი უნდა იყო ყველასგან და მათი პატრონებისგან დამოუკიდებლობაც არის დამოუკიდებლობა. ნებისმიერი, რომელი ეროვნებისაც არ უნდა იყოს, არ უნდა იყოს შენი პატრონი, არ უნდა შეეგუო ამას. ამიტომ არის ტოლობის ნიშანი დასასმელი, თორემ როდიონოვის, საბჭოთა და რუსული არმია რომ იყო 1989 წლის 9 აპრილს, ეს ყველამ ვიცით, ეს არის ფაქტობრივი გარემოება, რასაც არც გამეორება სჭირდება და არც დადასტურება. ეს ასეა, დიახ, მაგრამ როდესაც უცხოურ ძალაზეა ლაპარაკი, სწორედაც სპეციალურად ასე უნდა თქვა, ვინ იქნება უცხოური ძალა, რომელიც შეებრძოლება საქართველოს დამოუკიდებლობას, ამას არასდროს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ყველამ უნდა დავიმახსოვროთ და გავაცნობიეროთ, რომ დამოუკიდებელი უნდა ვიყოთ ყველასგან, არ უნდა დავუშვათ ასეთი რაღაცები. საზოგადოებრივი, ჯანსაღი აზრი უნდა ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.