მამუკა მდინარაძე - არ ვაპირებთ, შეთანხმება დავარღვიოთ,  ჩვენი მიზანია, ყველა პუნქტი ზედმიწევნით შესრულდეს
მამუკა მდინარაძე - არ ვაპირებთ, შეთანხმება დავარღვიოთ, ჩვენი მიზანია, ყველა პუნქტი ზედმიწევნით შესრულდეს

ჩვენთვის ამოსავალი წერტილია შარლ მიშელის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას. ჩვენ კონვენციის მუხლებს ვწერთ და ვუთითებთ, რომ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას არ შეეხოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არის რაღაც მუხლები, რაც შეთანხმების მიუხედავად არ უნდა მოხდეს ამნისტიაში და ეს არის სწორი ნაბიჯი.

მდინარაძის განცხადებით, უფრო მეტი დაკონკრეტება შეთანხმების არსიდან აღარ გამომდინარეობს.

„ზედმიწევნით ვაპირებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული ტექსტი და სულისკვეთება ავსახოთ. მგონი, რომ საკამათო არაფერია. იმისათვის, რომ პოზიციები დაახლოვდეს, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა კარგი იყო, რომ კიდევ ერთხელ შევხვდეთ და შევჯერდეთ. შეიძლება, განხილვა ორი დღით გადაიდოს და არა რამდენიმე კვირით, როგორც ამას ოპონენტები ითხოვენ. თუ შეხვედრას და საკითხის სხდომაზე გამოტანას დღეს ვერ მოვასწრებთ, ეს გაკეთდება ამ კვირის ბოლომდე. შეთანხმება გვავალდებულებს, რომ ამნისტიის კანონი ყველა ვარიანტში იყოს მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირობებს დავარღვევთ. არ ვაპირებთ, შეთანხმება დავარღვიოთ, თუ ვინმე ცდილობს, რომ საამისო პირობები შექმნას, ჩვენ ამას არ ვცდილობთ. ჩვენი მიზანია, ყველა პუნქტი ზედმიწევნით შესრულდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.