მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება, ჩვენი პროევროპულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ ხალხმა, რომელიც საკუთარი საქმით ყველაფერს აკეთებდა რუსეთის სასარგებლოდ
მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება, ჩვენი პროევროპულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ ხალხმა, რომელიც საკუთარი საქმით ყველაფერს აკეთებდა რუსეთის სასარგებლოდ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდნარაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა თემაზე გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.

„ვთანხმდებით იმაზე, რომ საკრებულოების გადაწყვეტილება იყო კანონიერი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მიზანშეწონილობის საკითხი. მიზანშეწონილიც არის იქიდან გამომდინარე, რომ სხვა შემთხვევაში შეიქმნებოდა კრიზისი და თუ ეს ასე არ არის, ამას სულ მალე ვნახავთ სხვა გადაწყვეტილებებით, იქ, სადაც ბიუჯეტი იქნა დამტკიცებული, რამდენადაც შეძლებენ კონსოლიდაციას სხვა საკითხებზე“, – აღნიშნა მდინარაძემ მოქმედი საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხზე საუბრისას.

რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმების საკითხს, მდინარაძის თქმით, პასუხისმგებლობა ყველა ხელმომწერმა უნდა აიღოს და კონსენსუსი ცალმხრივი კომპრომისის საფუძველზე წარმოუდგენელია.

„მეგობრებო, ასე არ გამოვა, მოდით, ხელი მოვაწეროთ რაღაც შეთანხმებას, სადაც შემდეგ ჩვენ მაინც რადიკალურ პოზიციაზე დავრჩებით, არაფერს არ შევასრულებთ და მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს, თან 100%, ასე არ გამოვა, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, კონსენსუსი ცალმხრივი კომპრომისის საფუძველზე წარმოუდგენელია, ეს უნდა ვიცოდეთ და გავითავისოთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ერთ-ერთ ტელევიზიასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებას, მდინარაძის თქმით, ცალსახა ტყუილია, თითქოს ტელევიზია პუტინის სურათის ტრიალისთვის დააჯარიმეს.

„ქალბატონმა სალომემ ბრძანა, თითქოს პუტინის სურათის ტრიალისათვის დააჯარიმეს ერთ-ერთი ტელევიზია, რაც ცალსახა ტყუილია, პირდაპირ ვთქვათ. ამას აქვს ფორმალური მხარე, კანონისმიერი მხარე და ყველამ კარგად ვიცით, ისევე როგორც საკრებულოებში შეეძლოთ, მაგალითად, მოქმედ საკრებულოებს დაემტკიცებინათ ბიუჯეტი, მიზანშეწონილობაზე ამ შემთხვევაში ვისაუბრეთ, შეიძლება, ეს საკამათო იყოს, მაგრამ მაინც ამას დრო გვაჩვენებს. ასევე, დააჯარიმეს არა პუტინის სურათის ტრიალისთვის, არამედ როგორც კომუნიკაციების შესაბამისმა რგოლმა, ინსტიტუტმა გააკეთა, რეკლამისთვის, რომელიც აკრძალულია არასაარჩევნო პერიოდში.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, რაც უკვე ჩემი და ჩვენი საპასუხოა. ძალიან ცუდია, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზია, იმ პარტიის ტელევიზია, რომელსაც ყველაზე ბევრი და დიდი საქმე, ცუდი საქმე აქვს გაკეთებული ოკუპანტი რუსეთისთვის, აქეთ ატრიალებს ამ თემას და წლების განმავლობაში გაღმა შედავების ძალიან ბინძურ, პიარულ პოლიტიკას ალაგებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახალხო დამცველთან დაკავშირებით კი მამუკა მდინარაძემ განაცხდა, რომ სახალხო დამცველი როცა ჩაერთვება იმ ნარატივსა და მესიჯბოქსში, რასაც ქვეყანაში „ნაცმოძრაობა“ ალაგებს, ბუნებრივია, ამ თემას გააკრიტიკებენ.

„მის ფუნქციას სწორად თუ შეასრულებს, ამისთვის გადავუხდით მადლობას და ვიქნებით ობიექტურები ამ ნაწილში და ნურავის გაუკვირდება“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.

სასამართლოს საკითხზე საუბრისას მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ არავინ, ვინც დღეს აკრიტიკებს სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებს, ხმას არ იღებდა მაშინ, როცა პრეზიდენტი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს წარადგენდა.

„მოდი, ერთი რიტორიკული კითხვა დავსვათ, ბევრი დრო რომ არ დავხარჯოთ, როგორ ხდება რომ არავინ, ვინც დღეს აკრიტიკებს სასამართლოში და სასამართლოსთან მიმართებით მიმდინარე პროცესებს, ხმას არ იღებდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი წარმოადგენდა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და გაწიწმატებულია დღეს, ასეთი მკაცრი დამრიგებლის პათოსით ჭკუას გვასწავლის საქართველოს პარლამენტში, როდესაც კანონის მიხედვით დაყენებული რამდენიმე ეტაპიანი ე.წ. ფილტრია.

სასამართლო სისტემა წარმოადგენს მათ, შემდეგ პარლამენტში გასაუბრებებია და ამის შემდეგ ხდება მათი არჩევა. რატომ ხდება, რომ არგუმენტების გარეშე, უბრალოდ ერთი მარტივი ხელმოწერით ხდებოდა წარმოდგენა და მაშინ ამაზე არავინ საუბრობდა და არ აკრიტიკებდა, დღეს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ამ თემას და ჩვენს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძე საგარეო საკითხებთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პროევროპულობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება.

„საგარეო საკითხებთან მიმართებაში, ჩვენს ანგარიშზეა ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, კონსტიტუციური ჩანაწერი, სადაც ვალდებულება არის ევროპული მომავლის შესახებ, სტრასბურგში მოგებული საქმე, რომლითაც იურიდიულად პირველი დოკუმენტი და მტკიცებულება გაჩნდა რუსული აგრესიის და ოკუპაციის შესახებ. რაღა ბევრი გავაგრძელო, მოკლედ, ფაქტობრივი მტკიცებულებებით არ შეიძლება, ჩვენი პროევროპულობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და არ შეიძლება, მით უმეტეს იმ ხალხმა დააყენოს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც ყველაფერს აკეთებდა საკუთარი ნაბიჯებით და საქმით რუსეთის სასარგებლოდ, რომელიც აბრალებდა ქართველ სამხედროებს და საკუთარ სამშობლოს ომის დაწყებას. არ შეიძლება, ამ ხალხმა დააყენოს ეს ნარატივი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ბოლოს, მამუკა მდინარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ საშინელი პროვოკაციები სასამართლოსთან და ვნახეთ, როგორ არ ემორჩილებოდნენ პოლიციას, მაგრამ რა იყო მათი ნარატივი, რომ პოლიცია აწყობდა პროვოკაციებს და წინააღმდეგობას უწევდა მომიტინგეებს, რომ გზა გადაეკეტათ, ასე ტრიალდება ყველა თემა და  დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აქედან სწორ დასკვნებს გააკეთებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.