მამუკა მდინარაძე - არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მოუწევთ, ულტიმატუმები გადადონ გვერდზე და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგან
მამუკა მდინარაძე - არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მოუწევთ, ულტიმატუმები გადადონ გვერდზე და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგან

„ქართული ოცნება“ არ გაურბის პასუხისმგებლობას, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მოუწევთ, მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში ულტიმატუმები გადადონ გვერდზე და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგან, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავ,ჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე რა გარანტიები არსებობს, რომ ევროპელმა პარტნიორებმა არ იფიქრონ რეალურად სანქციებზე, მდინარაძემ აღნიშნა, რომ რესურსსაც და გარანტიასაც ჰქვია სიმართლე, რომელიც მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხარესაა.

„რესურსსაც და გარანტიასაც ჰქვია სიმართლე, რომელიც არის ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მხარეს, თუმცა სიმართლე არ გამორიცხავს პასუხისმგებლობას, თუნდაც იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან არ გამომდინარეობს, რადგან როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგებიც, ასევე ჩვენც მივიჩნევთ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში სადაც გარკვეული, თუნდაც ხელოვნური კრიზისები არსებობს, თუნდაც ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას ხელისუფლება, ეს არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ არ გავურბივართ ამ პასუხისმგებლობას და მათი ვორდინგიდანაც კი რომ გამოვიდეთ, თუ პასუხისმგებლობის 90 % არის ჩვენს მხარეს, მათაც მოუწევთ, რომ მათი შეფასებით 10%-იანი პასუხისმგებლობის ფარგლებში რაღაც გააკეთონ, რომ ულტიმატუმები დათმონ, გადადონ გვერდზე და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგან. ეს არის დღის წესრიგი. მაშინ, როდესაც დღეს არის მწვავე ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში, მაშინ როდესაც პანდემიამ ძალიან დააზიანა ჩვენი ქვეყანა, ძალიან დააზიანა მთელი მსოფლიო, ჩვენზე გაცილებით ძლიერი ქვეყნები, მათაც მოუწევთ აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს კრიზისი, ხელოვნური კრიზისი კიდევ უფრო არ გაძლიერდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან შეაფასა რამდენიმე ევროპარლამენტარის სახელით გავრცელებული განცხადება, რომელშიც ისინი საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.

„ამ შემთხვევაში საუბარია პირობითობაზე და იმაზე, რომ არა ევროკავშირი, არამედ ეს არიან კონკრეტული ადამიანები, ჩვენი კოლეგები, ოღონდ ნამდვილად არ ვცდილობ რომელიმე მათგანის როლის დაკნინებას, პირიქით ესენი არიან ჩვენი მაღალი რანგის კოლეგები, პირიქით, ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას თითოეული მათგანის მიმართ. ექვსი, შვიდი თუ ხუთი – აქ რიცხვს არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, ერთ მათგანსაც ასეთი აზრი რომ გააჩნდეს, ეს არის საყურადღებო და ეს არის ჩვენთვის მინიშნება პირდაპირ, რომ მათთან კომუნიკაცია, მათთან საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად უნდა გავაგრძელოთ და გარკვეული პირობითობა იყო მხრიდან გახმოვანებული დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროკომისია მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი