მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი საერთო დოკუმენტზე შეთანხმდნენ
მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი საერთო დოკუმენტზე შეთანხმდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი საერთო დოკუმენტზე შეჯერდნენ.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ, რომელიც დეპუტატებს ინფორმაციას იმ სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ მიაწოდებს, რასაც სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს.

„ხელისუფლებას ყველაზე პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს, რაც შეიძლება ხელისუფლებამ იმ პირობებში აწარმოოს, როდესაც ჩრდილოელი მეზობელი ოკუპანტია. ვცდილობთ, მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა ვაწარმოოთ. ჩვენი თითოეული ნაბიჯი და მათ შორის რეზოლუციები ემსახურება მიზანს, რომ საერთაშორისო ბერკეტები გამოვიყენოთ და ამ საქმეში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ საერთო დოკუმენტზე შევჯერდეთ. ამაზე ვმსჯელობთ, აქ პარტიული ინტერესები არ არის, რადგან საქმე დეოკუპაციასა და მოქალაქეების სიცოცხლეს ეხება. პარტიული ინტერესი გამორიცხული უნდა იყოს და იმაზე ვიმსჯელებთ, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი რა იქნება”, – განაცხადა მდინარაძემ.