მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი ოპოზიციის რუსულ გეგმებზე მიუთითებდეს
მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი ოპოზიციის რუსულ გეგმებზე მიუთითებდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება.

„მაშინ, როდესაც შედგა დიდი ოპოზიციური ერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ, ამ ერთობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ლიდერი აღმოჩნდა მოსკოვში. რას უნდა ნიშნავდეს? მოდით, ფაქტის აღნიშვნის იქით ნუ წავალთ. ჩვენ ჩვენი შეფასებები გვაქვს, რომელიც ვიღაცას შეიძლება სუბიექტურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ დიდი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, მათი საერთო გეგმების დასახვის პარალელურად, ქალბატონი ნინო მოსკოვში აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, რუსული გეგმებიც იყოს. იხუმრა კიდეც გენერალურმა მდივანმა ჩვენი პარტიის, რომ შესაძლებელია გერმანული მოდელის ჩამოსატანად იყოს კრემლში წასული. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომ აქციებმა მოიცვას მთელი ქვეყანა, დაამხონ, მოწოდებებიც ვნახეთ ჩვენ შესაბამისი, გამოიწვიონ ქაოსი და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში სახელმწიფო დგას იმ სიმაღლეზე, რომ უზრუნველყოს კანონიერება, კანონის აღსრულება, სახელმწიფოს სტაბილურობა.

„მარგინალური ჯგუფები, გაცვეთილი და მეორადი „კმარელები“, ვერ შეძლებენ ამ სახელმწიფო სტაბილურობის შერყევას. ის, რომ 20-20 და 15-15 ადამიანი დარბის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში და რაღაც დესტრუქციის მოწყობას ცდილობს, ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი და მარგინალიზაციის გზაზე დადგომის უტყუარი საბუთი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.