მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საარჩევნო ცვლილებებზე კონკრეტული შეთავაზება წარადგინოს
მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საარჩევნო ცვლილებებზე კონკრეტული შეთავაზება წარადგინოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე, მმართველმა გუნდმა საარჩევნო ცვლილებებზე ოპოზიციის მიმართ კონკრეტული შეთავაზება გააკეთოს.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, შესაძლოა, მმართველმა გუნდმა შეხვედრაზე გარკვეული ვერსიები წარადგინოს. მისი თქმით, ამის მიზანია, გამოირიცხოს გაუგებრობა, რომელიც „გერმანული მოდელის“ შეთავაზებით შეიქმნა, რაც მდინარაძის შეფასებით, არაკონსტიტუციური იყო.

„შემდეგ ავღანურ მოდელზე გადავყავდით და ა.შ. მათ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში რაციონალური წინადადებები ვერ დააყენეს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გაუგებრობა და თითქმის აზრს მოკლებული შეხვედრები ასე რომ არ გაგრძელდეს, შეიძლება, ჩვენ ვუთხრათ რაღაც. ხვალ ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ ოპოზიციისგან. ვფიქრობთ, რომ შეიძლება, კონსენსუსის გზაზე ისევ ჩვენი წინადადებით დავდგეთ. შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ, კონკრეტულ თემებზე, რამაც შეიძლება, კონსენსუსის გზაზე გვატაროს“, – განაცხადა მდინარაძემ.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხვალ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდი გაიმართება.