მამუკა მდინარაძე – ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის ახალი მიდგომა, ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი

14:40, 01.07.2026

ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უნდა იყოს მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.

„ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა. ჩვენ მიჩვეული ვიყავით, რომ აუდიტის სამსახური, სხვადასხვა უწყება – შსს-ს დახმარებით სუს-ი, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, – ყველა ეს სამართალდამცავი უწყება მუშაობდა წარსულზე, ანუ თუ წარსულში ადამიანს ჰქონდა დანაშაული ჩადენილი, ამის გამოვლენაზე, მაგრამ აუდიტის სამსახურიდან დაწყებული ყველა სამართალდამცავ უწყებას მიეცა რეკომენდაცია, რომლის შესრულება და აღსრულება უკვე წარმატებით არის დაწყებული, ბოლო 2-3 თვეა განსაკუთრებით, და ისინი ახორციელებენ მონიტორინგს რეალურ დროში. მაგალითად, უწყებები კი არ მუშაობენ მხოლოდ ადრე, წინა თვეში, წინა დღეს თუ წინა წელს ჩატარებულ ღონისძიებაზე, ტენდერზე, სახელმწიფო შესყიდვაზე და ა.შ., არამედ რეალურ დროში ამოწმებენ, რამდენად რელევანტურია ფასი, რამდენად რელევანტურია მიდგომა, სატენდერო პირობები და ასე შემდეგ, რომ გამოირიცხოს მაქსიმალურად კორუფციის ნიშნები. კორუფციის აბსოლუტური აღმოფხვრა – მსოფლიო ისტორიას ასეთი პრეცედენტი არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანას დაეკვეხნოს, ჩვენ კორუფცია აღარ გვაქვს ქვეყანაშიო. კორუფციის არქონა, პირობითად, შეიძლება ნიშნავდეს კორუფციის ყველაზე დაბალ დონეს და ხარისხს. ასევე, ვერც საქართველო, სამწუხაროდ, ვერ დაიტრაბახებს იმით, რომ კორუფცია აღარ არის ქვეყანაში და შეიძლება 10 წლის მერეც ასე იყოს, მაგრამ ჩვენი მიზანია, რაც მეტი წელი, დღე და თვე გავა, მით ნაკლები კორუფცია გვქონდეს. ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და ჩვენ მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ამის ამბიცია გვაქვს და გვიჩნდება გატარებული ღონისძიებების შედეგადაც“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, არსებობს პოლიტიკური ნება, არსებობს გატარებული ღონისძიებები, რომ მთავრობამ ამაზე სერიოზულად იმუშაოს, რათა საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყოს მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონით.

„ამიტომ რეალურ დროში მონიტორინგი ხელს შეუწყობს კორუფციასთან ბრძოლას ამ მიმართულებითაც. კორუფცია, რა თქმა უნდა, კვლავ არის, რა თქმა უნდა, კვლავ ხდება კორუფციული ფაქტების გამოვლენა, მაგრამ დაზღვევა – და არა შემდგომში გამოვლენა – იქნება ერთ-ერთი საკვანძო, ახალი და თანამედროვე მიდგომა ჩვენი სახელმწიფოსი კორუფციასთან მიმართებაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი