მამუკა მდინარაძე - ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, სასჯელის მოხდის შემდეგ ითვლება ის ვადა, რომლის გასვლამდეც დამნაშავე ქვეყანასაც ვერ დატოვებს, ვიდრე ზიანს არ აანაზღაურებს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, სასჯელის მოხდის შემდეგ ითვლება ის ვადა, რომლის გასვლამდეც დამნაშავე ქვეყანასაც ვერ დატოვებს, ვიდრე ზიანს არ აანაზღაურებს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გიორგი ბაჩიაშვილს თუ სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს ბრალდებულია და ხვალ, შეიძლება, დამნაშავე იყოს, აქვს მოლოდინი, რომ სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენების შემდეგ წავა და თავისთვის ბედნიერად იცხოვრებს.
„მშენებლობის თემაში უამრავი ეკონომიკური დანაშაული გვახსოვს. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ ტერმინის გამოყენებისთვის, „გადაყრიდნენ“ ხოლმე ათასობით მოქალაქეს, შემდეგ მოიხდიდნენ რამდენიმეწლიან სასჯელს და შემდეგ ეს მითვისებული თანხა მათ რჩებოდათ. ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს ბრალდებულია, ხვალ მსჯავრდადებული იქნება და მას დაუმტკიცდება, რომ ეს კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, ზიანი მიაყენა მეორე ადამიანს, ვიდრე ამ ზიანს არ აანაზღაურებს, ასე თავისუფლად ვერ იპარპაშებს. თქვენ რომ ვიღაცამ ზიანი მოგაყენოთ, მიითვისოს ქონება, ამის ამოღება შესაძლებელი იქნება დაკავშირებული პირისგან. თუ დაუმტკიცდება დაუსაბუთებელი ქონება და იქნება იმის მტკიცებულება, რომ ამით არის შეძენილი, გამარტივდება ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მიქცევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.