მამუკა მდინარაძე - აგენტი დაერქმევა თუ არა, სინამდვილეში, საკუთარი თავი აინტერესებთ, საზოგადოებას გააგებინე, საიდან მიიღე თანხა და რაში დახარჯეო, ამაზე ჩამოაქციეს ყველაფერი, რუსულის ძახებას, თქვან, რა მოსწონთ, რა - არა
მამუკა მდინარაძე - აგენტი დაერქმევა თუ არა, სინამდვილეში, საკუთარი თავი აინტერესებთ, საზოგადოებას გააგებინე, საიდან მიიღე თანხა და რაში დახარჯეო, ამაზე ჩამოაქციეს ყველაფერი, რუსულის ძახებას, თქვან, რა მოსწონთ, რა - არა

ამ რუსულის ძახებას, თქვან, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„აგენტი დაერქმევა, გავლენის აგენტი თუ არ დაერქმევა, სინამდვილეში, მათ საკუთარი თავი აინტერესებთ, 30 და 40 მილიონზე ვინმე მოსთხოვს თუ არა, საიდან მიიღე ეს 10 ან 40 მილიონი, თუ თანხის რაღაც რაოდენობა და რაში დახარჯეო. ელემენტარულად, საზოგადოებას გააგებინე ეს ამბავი, რეესტრში მოახვედრე ეს ინფორმაციაო და ამაზე ჩამოაქციეს ყველაფერი. აი, ეს არის განსხვავება და ორმაგი სტანდარტი მათ დამოკიდებულებებში. საბოლოო ჯამში, ამ რუსულის ძახებას, თქვან, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპონენტებმა უნდა თქვან, რა არის უკვე დარეგისტრირებული კანონპროექტის შინაარსში ან რუსული, ან ერთი ფრაზაც კი, რომელიც რაღაც შეზღუდვას ეხება.

„აქ არის ორი საკითხი – რა არის უკვე დარეგისტრირებული კანონპროექტის შინაარსში ან რუსული, ან, საერთოდ, ერთი ფრაზაც კი, რომელიც რაღაც შეზღუდვას ეხება. აქედან რომ გამოვალთ, აჰა, სათაური არ მოგწონთ? მოდი, არგუმენტები მითხარი და შეიძლება, რაღაც გავიზიარო, ან რაღაც არ გავიზიარო. მე ხომ 100%-იანი სიზუსტით არ ვთქვი, რომ ეს ექვს თვეში ამ სახეს მიიღებს, სწორი მიმართულება ექნება რაღაც ფრაზის თუ ტერმინის გაგებას, თუ რაღაც სწორი მოქმედება იქნება ვიღაცის მხრიდან?! სახელმწიფოებრივად სწორზე ვლაპარაკობ, ჩემი გადასახედიდან სწორი კი არაა მხოლოდ?! მე შეიძლება, სუბიექტური ვიყო. არგუმენტები მითხარი და მერე ამაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ შენ არგუმენტებში არ შემოდიხარ. თქვენ რაც იცით ამის შესახებ, იმის მეასედი რომ რომელიმემ იცოდეს, კარგი იქნება. ან იციან და მავნებლობენ, ან არ იციან. წაიკითხონ, გადახედონ უნგრულსაც, რუსულსაც, ამერიკულსაც, მერე იმას, რა დარეგისტრირდა და ამის შესაბამისად ვიმსჯელოთ. ამ შემთხვევაში საზოგადოება ცოტას მაინც დაუჯერებს მათ, თორემ ახლა, ამ ყველაფერს რომ რუსულს არქმევენ, ხალხი უკვე ამაზე იცინის და ხვდება, რომ, უბრალოდ, არგუმენტების გარეშე საუბარია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საქართველო გლობალური გამოწვევის წინაშეა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, გლობალური გამოწვევის წინაშე. ახლა მთავარი გამოწვევები არის განვითარება, ეროვნული, ფიზიკური, ეკონომიკური უსაფრთხოება და მათ შორის, ერთ-ერთი პატარა რგოლია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ჩვენი მოქმედებების დიდ ჯაჭვში ერთ-ერთი შეიძლება იყოს ამაზე დათანხმება. იმიტომ, რომ ეროვნული უსაფრთხოებაა და ინფორმირებული არჩევანი არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ხალხის და არა ხელისუფლების, რაც შესაძლოა, ბერკეტს წარმოადგენდეს, რომ ხალხმა უზრუნველყოს და ნებისმიერი მთავრობა იძულებული გახადოს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს. ამის იძულება ჩვენ არ გვჭირდება, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამის ბერკეტი ხალხს ექნება და არ მოხდება ის, რაც დაგვემართა 2012 წლამდე, მაგალითად. ეროვნული ინტერესები არის პირველი და ამიერიდან ხელისუფლება, ჩვენიდან დაწყებული, ვინც არ უნდა მოვიდეს, უნდა იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესების მომსახურე. ეს ქვეყანა არის საქართველო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.