მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის საკითხი პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად გადაწყდება
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის საკითხი პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად გადაწყდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის საკითხი პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად გადაწყდება.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი თუ ორი თანათავმჯდომარე იარსებებს, ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, ოპოზიცია რამდენი ადამიანით იქნება წარმოდგენილი.

„ბოლო წლების ყველაზე დიდი აფერაა – ქართულ საზოგადოებას დააჯერო, ან იმის მცდელობა გქონდეს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ თუ ამ ნარატივის ერთი პროცენტი მაინც სჯერათ, პარლამენტში შემოვიდნენ, თავად გამოიძიონ და სამართლებრივი საფუძველი დადონ იმაზე, არჩევნები არათუ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ერთი პროცენტით მაინც გაყალბდა. ამის თავი არავის აქვს, რადგან დარწმუნებული ვართ, ასე არ იყო. დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება, კეთილი ინებონ, მოვიდნენ და მიიღონ, მასში მონაწილეობა. თავად გამოიძიონ და ასეთი ხარვეზი ან დაადგინონ, ან საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ატყუებენ და „გაყალბებული არჩევნები“ მთავარი ნარატივი გახდა, რომლის იგნორირება ლამის ერთმანეთს ღალატად შეუფასეს და როგორც კი რომელიმე ოპოზიციონერი იტყვის, რომ არჩევნების გაყალბებაზე კითხვა შეიძლება ჰქონდეს, ის არის ოპოზიციონერების თვალში მოღალატე, რაც არის დამუნათება და ბულინგი. კომისიის შექმნისთვის პარლამენტს ორი კვირა აქვს, ამის შემდეგ სამდღიანი ვადაა, რომ კომისია დაკომპლექტდეს. თუ რომელიმე პარტია ან დეპუტატები დაემატებიან პარლამენტის შემადგენლობას, ვინც მუშაობაში მონაწილეობაზე უარს არ ამბობს, მათაც ექნებათ შეთავაზება. მაქსიმუმ 20-დღიანი ვადაა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ ამ კომისიაში მუშაობისთვის მაინც. რასაც საზოგადოებას ეუბნებიან, თუ ოდნავ მაინც სჯერათ, შემოვიდნენ, თავად გამოიძიონ, თავად დადონ მტკიცებულებები და რიგგარეშე არჩევნებსაც კი ჩავატარებთ. როცა ამაზე უარს ამბობენ, ეს აპრიორში ნიშნავს, რომ იტყუებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი