მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევა იყო ერთადერთი, როდესაც სია არ იყო ჩახსნილი და ამავდროულად, სიის მომდევნო წევრები აცხადებდნენ მზადყოფნას, შესულიყვნენ პარლამენტში
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევა იყო ერთადერთი, როდესაც სია არ იყო ჩახსნილი და ამავდროულად, სიის მომდევნო წევრები აცხადებდნენ მზადყოფნას, შესულიყვნენ პარლამენტში

„პატრიოტთა ალიანსი” ერთადერთი პარტია იყო, რომლის სიიდანაც არ იყვნენ ჩახსნილები დანარჩენი წევრები. ამავდროულად, სხვა წევრები აცხადებდნენ მზადყოფნას, შემოსულიყვნენ პარლამემტში. ანუ, ეს არის პროცედურა, სადაც ვიღაცას ეხსნება უფლებამოსილება და ვიღაცას საშუალება ეძლევა, პარლამენტში შემოვიდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამ პროცედურის გამო უფრო ადრე განიხილეს „პატიოტთა ალიანსის“ წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, ვიდრე სხვა დეპუტატების, რომლებთან დაკავშირებითაც, როგორც მდინარაძე ამბობს, დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციაა, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, პარლამენტმა მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს.

„შესაბამისად, საგამონაკლისო ვერსია გამოდიოდა და ბუნებრივია, ტექნიკური თუ ფორმალური საშუალებებით უარს არ და ვერ ვეტყოდით მათ პარლამენტში შემოსვლაზე. ანუ, ეს არის პროცედურა, სადაც ვიღაცას ეხსნება უფლებამოსილება და ვიღაცას საშუალება ეძლევა, პარლამენტში შემოვიდეს. ამ მარტივი პროცედურის გამო, ჩვენ უფრო ადრე განვიხილეთ მათი საკითხი, ვიდრე სხვა დეპუტატების, რომლებთან დაკავშირებითაც დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციაა, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, ჩვენ მათ უფლებამოსილება არ შევუწყვიტოთ.

დაფინანსების საკითხი მათი და მათი ლიდერების გადასაწყვეტია. „პატრიოტთა ალიანსის“ სიის შემადგენლობაში რამდენად არის შეუთანხმებლობა, ეს ჩვენი საქმე არ არის. ვიცით, რომ სიით მომდევნო წევრებმა განაცხადეს მზადყოფნა, შემოსულიყვნენ პარლამენტში. ბუნებრივია, პროცედურებით ამას ხელს არ შევუშლით. შემდეგ ისინი სხვა პარტიის წევრები იქნებიან, თუ დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსი ექნებათ პარლამენტში, ესეც მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. მოცემულობა გვაქვს ის, რაც გვაქვს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ეს იყო დასავლელი პარტნიორების მოწოდებაც. ეს ადამიანები ამ მოწოდებას შეუერთდნენ და მიღღეს მსგავსი გადაწყვეტილება. კონკრეტულად სიის შემადგენლობაზე, პარლამენტში ვინ შემოვა და ვინ არა, მათთან კონსულტაცია არ გვქონია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.