მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნატო-ს კომუნიკე საქართველოსთვის უდიდესი სტიმულია
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნატო-ს კომუნიკე საქართველოსთვის უდიდესი სტიმულია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე მიღებულ კომუნიკეში შესული ორი პარაგრაფიდან ერთი ეხება რუსეთის მიმართ უმკაცრეს გაფრთხილებას, რასაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სამართლებრივი საფუძველი გააჩნია იმის შესახებ, რომ მოსკოვმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და საქართველოდან თავისი შენაერთები გაიყვანოს.

მდინარაძის თქმით, მეორე პუნქტი ეხება ქართული რეფორმების აღიარებას და თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან.

„ჩვენთვის ეს უდიდესი სტიმულია. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოს კონსტიტუციაში შედიოდა ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი, ეს ჩანაწერი იქით მიდიოდა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ქართული სახელმწიფო ვალდებულია, ეს მთავარი პრიორიტეტული საკითხი ალტერნატივის მიღმა იყოს. ეს არის ერთ-ერთი მყარი საფუძველი, რაც კომუნიკეში ჩაიწერა. რაც შეეხება ოპონენტების შეფასებებს, განსხვავებული პოლიტიკური შეფასებების მიუხედავად უნდა დავდგეთ საერთო მიზანთან, ამ ერთ საკითხზე მაინც უნდა ვიყოთ საერთო აზრზე და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მიზნის მისაღწევად. მათ შორის, შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა შესრულდეს და ყველამ ხელი უნდა მოაწეროს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხება არ იყოს, მათ შორის შიგნიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.