მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა არაადეკვატურია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა არაადეკვატურია.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, როცა რუსმა დეპუტატმა სპიკერის ადგილი დაიკავა, ამან აღშფოთება „ქართულ ოცნებაშიც“ გამოიწვია და ყველა მზად იყო მყისიერი რეაგირებისთვის.
„როცა ტერიტორიებს რუსეთს აბარებ, რეზოლუციას მხარს უჭერ და კონკრეტული ფაქტი გიხარია, რადგან პოლიტიკური ქულები დაგეწერება და საშუალება მოგეცემა, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება მოითხოვო, ეს არასერიოზულია. მათი მოთხოვნა არაადეკვატურია. რატომ აღმოჩნდა, რომ ჩვენს ბერძენ კოლეგას ეს სხდომა უნდა წაეყვანა და სპიკერის სავარძელში რუსი დეპუტატი აღმოჩნდა, რომელსაც აღმაშფოთებელი განცხადებები აქვს გაკეთებული. ეს როგორ აღმოჩნდა, რა დეტალები იყო, პროტოკოლის თემა იყო, თუ დადგმული პროვოკაცია, ამაზე პასუხი იქნება გაცემული, თუმცა მანამდე საკითხი დეტალურად უნდა გავარკვიოთ. სასაყვედურო გვაქვს, მაგრამ პასუხისმგებლობას არავინ გაურბის“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.