მამუკა მდინარაძე აცხადებს, ანრი ოხანაშვილი და მასთან ინციდენტის შემდეგ დაკავებული პირი წარსულში არასოდეს გადაკვეთილან
მამუკა მდინარაძე აცხადებს, ანრი ოხანაშვილი და მასთან ინციდენტის შემდეგ დაკავებული პირი წარსულში არასოდეს გადაკვეთილან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის წევრ ანრი ოხანაშვილთან ინციდენტის შემდეგ დაკავებული პირი 2014 წლამდე ზესტაფონში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულში იყო, დღეს კი, „ლელოს“ აქტივისტია.

„ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოსისხლე მტრები რომ ხვდებიან ერთმანეთს საქართველოში, თუ ცოლ – შვილთან ერთად არიან, ერთმანეთს არ ერჩიან“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, გარდა დანაშაულისა, გაუგონარია, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მამას აყენებ მძიმე შეურაცხყოფას და ბავშვებს ემუქრები.

„ანრისთან დღეს რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაცია და ერთ-ერთ ბავშვს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია. წარმოიდგინეთ, რომ ამ დანაშაულზე თუ უდანაშაულობაზე უნდა ვილაპარაკოთ მთელი კვირის განმავლობაში. გაუგონარი სისასტიკე და გაუგონარი დანაშაულია“, – აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, „ლელოს“ ხელმძღვანელები გამოდიან და აცხადებენ, რომ დაკავებული პირი წარსულში „ქართული ოცნების“ წევრი იყო და მათ რაღაც პირადი გადაკვეთა ჰქონდათ.

„ანრი ოხანაშვილს არანაირი პირადი კვეთა არ ჰქონია. უბრალოდ, პიროვნული გაღიზიანებისა და სიმთვრალის გამო მიაყენა მცირეწლოვან ბავშვებს მძიმე შეურაცხყოფა და დაემუქრა. ამის გამართლებას რომ ცდილობენ და სხვა თემებზე ლაპარაკობენ, ცოტა დამაბნეველია. ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ სხვადასხვა ირიბი მესიჯით წახალისება ხდება. ოპონენტები და, სხვათა შორის, მედიის წარმომადგენლებიც ბინძურ მესიჯებს უშვებენ. ჩვენს რიგებში ისეთი ხალხი არ არის, თავდახრილმა იაროს. გაიხსენონ თავიანთი გუშინდელი დღე. ცოტა გონებას მოუხმონ და იფიქრონ რეალობიდან გამომდინარე“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ინციდენტი 14 იანვარს ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად ვახშმობდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ამასთან, ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე ვახტანგ რობაქიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა.