მამუკა მდინარაძე - აბსოლუტურად არასერიოზულია გერმანულ მოდელსა და მის თავსებადობაზე საუბარი, სხვათაშორის, დღეს ეს მესიჯი ცოტა გვერდზე გაწიეს
მამუკა მდინარაძე - აბსოლუტურად არასერიოზულია გერმანულ მოდელსა და მის თავსებადობაზე საუბარი, სხვათაშორის, დღეს ეს მესიჯი ცოტა გვერდზე გაწიეს

უშედეგო შეგვეძლება, დავარქვათ ყველა შეხვედრას, სადაც ისეთი მოთხოვნები დაისმება და ისეთი შეთავაზებები იქნება, რომლებიც კონსტიტუციას არ შეესაბამება, – ამის შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ 77 არ უდრის 150-ს.

„დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ კამათის დროს, რომ პროპორციული სისტემა, რომელიც არის გერმანული ან მსგავსი მოდელი, არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ჩვენ დავუტოვეთ სივრცე. თუ ექნებათ სადისკუსიო თემა, რომელიც შესატყვისი იქნება კონსტიტუციასთან და ვერავინ დააყენებს ვერასდროს კონსტიტუციურობის, კანონიერების ჭრილში საეჭვო გარემოებად, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მათ შემოგვთავაზეს თემა, რომელზე მსჯელობაც შეუძლებელია, რადგან საქმე გვაქვს არაკონსტიტუციურ შეთავაზებასთან, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი დასტური, რომ არაკონსტიტუციურ შეთავაზებაზე მსჯელობდნენ, ის იყო, რომ დამატებითი ვერსიები გაჩნდა, რომელთა შემთხვევაში, მსჯელობა შესაძლებელია.

„მაგალითად, თუ პროპორციული ნაწილის, 77 მანდატის გარდა, 73 მანდატის შემთვევაში რაღაც წესებზე იყო საუბარი, აქ შეიძლება დისკუსია და ა.შ ოღონდ არ უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ  რეალურად გვქონია პროპორციული სისტემა და ამდენი ხანი არ გვცოდნია. ასეთ ანომალურ მსჯელობაში არ უნდა შევიდეთ.

იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც, გამოვიდა, რომ ადამიანები, რომლებიც მთელი ამ დღეების განმავლობაში აპროტესტებდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას, იმისთვის ატარებენ აქციებს, იმიტომ გარბიან 20 კაციანი ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით, რომ მოვიდეს შემდეგ ასეთი ტიპის შეხვედრზე ვაშაძე და ბოკერია და ჩვენი უცხოელი პარტნიორების თანდასწრებით თქვან, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პრობლემა არსებობს, თუმცა არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ საერთოდ არ არსებობს პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემა. ღრმა პოლიტიკური კრიზისი რომ დაერქვას რაღაცას, ამისთვის ამ ახალგაზრდების გამოყენება, მე არ გამოვიყენებდი ამ ტერმინს რომ არა მათი ქცევა, არ არის სწორი, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

ამასთან, მდინარაძის შეფასებით, გერმანულ საარჩევნო მოდელზე საუბარს აზრი არ აქვს.

„სულ რომ დავეთანხმოთ და ერთი კაციც აღმოჩნდეს, რომელიც გაასაჩივრებს ხვალ ამ ყველაფერს საკონსტიტუციო სასამართლოში, 100 პროცენტით მოიგებს დავას და ეს შეიძლება, მოხდეს არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ, ანუ ქაოსი ქვეყანაში. არასერიოზული თემაა აბსოლუტურად გერმანულ მოდელზე და მის თავსებადობაზე საუბარი. სხვათაშორის, დღეს ეს მესიჯი ცოტა გვერდზე გაწიეს და სხვა თემებზე იყო საუბარი. დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს არ არის ჩვენი შეთანხმების თემა, მაგრამ მეორე ეტაპზე, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ თემაზე, რაც თავსებადი იქნება რაციონალიზმთან, კონსტიტუციასთან. ამისთვის ღია კარი დავტოვეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება შედის დისკუსიაში დესტრუქციულ ოპოზიციასთანაც, თუ მსჯელობის საგანი კონსტიტუციასთან თავსებადია.

რაც შეეხება დიალოგისა და დღევანდელი შეხვედრის ფორმატს, უმრავლესობის ლიდერი განმარტავს, რომ ფორმატი ურთიერთშეთავაზების საფუძველზე განისაზღვრა.

„მსჯელობის დროს იყო ყველა დეტალი განსაზღვრული. არც ოპოზიციას, მათ შორის არც ჩვენი და არც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა კონკრეტული ფორმატის შესახებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.