მამუკა მდინარაძე - ობიექტურად მოფიქრალი ნებისმიერი ადამიანი, გამოცემა თუ ორგანიზაცია შეამჩნევს, რომ საქართველომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია
მამუკა მდინარაძე - ობიექტურად მოფიქრალი ნებისმიერი ადამიანი, გამოცემა თუ ორგანიზაცია შეამჩნევს, რომ საქართველომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზე დაამტკიცებს, რომ საქართველოს დემოკრატიის ხარისხი გაცილებით გაზრდილია და სწორედ ამასთან დაკავშირებით იწერება საერთაშორისო პრესაში ქვეყნის შესახებ სტატიები.

ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე საქართველოს შესახებ ფრანგული ფინანსური გამოცემა „ლეზ ექო“-ს (Les Echos) სტატიას გამოეხმაურა.

„ბოლო დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით ანტიკრიზისულ სიტუაციაში, საქართველო საერთაშორისო მედიის ფურცლებიდან არ ჩამოდის, რაც შემთხვევითი არ არის, რადგან ობიექტურად მოფიქრალი და ობიექტური დამფიქრებელი, ნებისმიერი ადამიანი, გამოცემა თუ ორგანიზაცია  შეამჩნევს, რომ საქართველომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია. გარკვეული გამოცდის წინაშეც კი აღმოვჩნდით პანდემიის გამოწვევით. გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გამოცდას წარმატებით აბარებს. ვფიქრობ, ეს აისახება არჩევნებზე და 2020 წლის არჩევნებზე, ოქტომბერში დავამტკიცებთ, რომ საქართველოს დემოკრატიის ხარისხი გაცილებით არის გაზრდილი და სწორედ ამასთან დაკავშირებით იწერება ასეთი სტატიები. იმედია, პანდემია ისეთ სახეს არ მიიღებს, რომ არჩევნების თარიღის გადახედვაზე იყოს საუბარი, ამის წარმოდგენაც არავის უნდა და ამას არც ველოდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახელწოდებით – „საქართველო ევროკავშირში. და რატომაც არა?“ სტატია ფრანგულმა ფინანსურმა გამოცემამ „ლეზ ექო“ (Les Echos) გამოაქვეყნა. სტატიის ავტორია ეკონომისტი სებასტიან კოშარი.