მამუკა მდინარაძე - ​ვალდებული ვართ, მოვუწოდოთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის ჩარჩოს, რათა შარლ მიშელის მედიაცია არ დარჩეს შედეგის მიღმა
მამუკა მდინარაძე - ​ვალდებული ვართ, მოვუწოდოთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის ჩარჩოს, რათა შარლ მიშელის მედიაცია არ დარჩეს შედეგის მიღმა

ვხედავთ, რომ ჩვენს ოპონენტებს აქვთ პარლამენტის პიკეტირებისა და პროვოკაციების მცდელობა, ეს ნიშნავს, რომ რეალურად, მოლაპარაკებებისთვის მზად არ არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ვალდებული არიან, კიდევ ერთხელ მოუწოდონ ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის ჩარჩოს, რათა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოწოდება და მისი მედიაცია არ დარჩეს შედეგის მიღმა, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს მოლაპარაკებების საბოლოო შედეგი და სახელმწიფოებრივი ინტერესები.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით, რისთვისაც მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდით, ოპოზიციასთან გუშინ საღამოს ძალიან კარგი და კონსტრუქციული საუბარი შედგა. რაც შეეხებოდა მოლაპარაკებების ახალი ეტაპის გახსნას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება, მათი შემოსვლა პარლამენტში და 2024-წლამდე მონაწილეობა იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას აწუხებს. ასევე აღნიშნულ საკითხებზე პასუხისმგებლობის გაზიარება. გუშინ ვნახეთ შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია, რომელიც გარკვეულ მესიჯებს ახმოვანებდა. თუმცა დღეს საზოგადოებამ გაიგო, რომ იქ წარმოდგენილი იყო კომპილაციის შედეგად შექმნილი დოკუმენტი, სადაც მათ მიერ ისედაც მოლაპარაკებათა მაგიდაზე დადებული გარკვეული საკითხები იყო ჩაწერილი, თუმცა კონკრეტული შეთანხმება და მით უმეტეს, ხელმოწერა რაიმე დოკუმენტზე ან საკითხზე ბუნებრივია არ ყოფილა. საუბარია მხოლოდ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის გახსნაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში უნდა ჩამოყალიბდეს იმ საკითხთა ნუსხა, რომლებზეც შეიძლება, რეალურად შეთანხმება შედგეს.

„გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ამ მოკლე პერიოდში მათ უკვე შეძლეს ერთი მთავარი პირობის დარღვევა კონსტრუქციულობის შესახებ. ვხედავთ, რომ ჩვენს ოპონენტებს აქვთ პარლამენტის პიკეტირებისა და პროვოკაციების მცდელობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რეალურად დღეს, ამ წუთის მდგომარეობით მოლაპარაკებებისთვის მზად არ არიან. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის ჩარჩოს, რათა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება და მისი მედიაცია არ დარჩეს შედეგის მიღმა და ამ პროცესებმა პირველ რიგში არ დააზიანოს მოლაპარაკებების საბოლოო შედეგი და სახელმწიფოებრივი ინტერესები. მათი ქმედების მიუხედავად, ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოდნავ მაინც შეიძლება, პრაგმატული იყოს, რაციონალური და გამომდინარეობდეს საზოგადოებრივი ინტერესებიდან. მოლაპარაკებების პროცესში აგრეთვე უნდა ჩამოყალიბდეს იმ საკითხთა ნუსხა, რომლებზეც შეიძლება, შეთანხმება რეალურად შედგეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გუშინდელი დღის მიუხედავად, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლისგან რაიმე სახის კომპრომისული წინადადება საერთო კონსენსუსის მისაღწევად არ მოუსმენია. ამასთან აღნიშნა, რომ პარტიებმა პოზიციების დასაახლოებლად ერთმანეთისკენ უნდა გადადგან ნაბიჯები.

„შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მათ პოზიციას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მათ საუბარი ჰქონდათ კომპილაციაზე, რის შედეგადაც გარკვეული ჩამონათვალი დაიდო. ამ თემით ძალიან ცუდად სპეკულირებენ. ქმნიან გარკვეულ არასწორ მოლოდინებს, რაც არ გამომდინარეობს გუშინდელი შეთანხმების არც ფორმატიდან და არც შინაარსიდან. იქ იყო საკითხები, რაც უკვე აღსრულებისა და შესრულების პროცესშია. იქ ასევე მითითებულია საკითხები, რომელზეც შეთანხმება შეუძლებელია და არის საკითხები, რაზეც მსჯელობა შეიძლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მოლაპარაკებათა ახალ ეტაპზე და ყველა მხარეს კონსტრუქციულობა გვმართებს, მუშაობა და ნაბიჯების გადადგმა საიმისოდ, რომ საბოლოო ჯამში, ახალი ეტაპი კონკრეტული პოზიტიური შედეგით დასრულდეს, პირველ რიგში, ქვეყნისთვის და არა რომელი პარტიისთვის. პარტიებმა პოზიციების დასაახლოებლად უნდა გადადგან ერთმანეთისკენ ნაბიჯები. ამ პროცესში მათ წინადადებას ველოდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გუშინ გაიმართა.