მამუკა კობახიძე - თბილისის სატრანსპორტო კომპანია ორიენტირებული არ იქნება, საჯარიმო სადგომზე რაც შეიძლება მეტი ავტომობილი გადაიყვანოს
მამუკა კობახიძე - თბილისის სატრანსპორტო კომპანია ორიენტირებული არ იქნება, საჯარიმო სადგომზე რაც შეიძლება მეტი ავტომობილი გადაიყვანოს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ორიენტირებული არ იქნება, რომ საჯარიმო სადგომზე რაც შეიძლება მეტი ავტომობილი გადაიყვანოს, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, მამუკა კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუ მომხმარებელი პარკირების წესს არღვევს, რითაც მოძრაობის უსაფრთხოებას საფრთხე ექმნება, კომპანია ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს, ხოლო თუ მოძრაობის უსაფრთხოებას საფრთხე არ ექმნება, ამ შემთხვევაში ავტომობილის მძღოლი მხოლოდ დაჯარიმდება. “სითი პარკიდან“ სატრანსპორტო კომპანიამ ფუნქციები გადმოიბარა და ამ ეტაპზე სანქციების გაზრდა, ან შემცირება არ იგულისხმება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებით მამუკა კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იცვლება თუ არა ჯარიმების, საურავების რაოდენობა და ისევ გადაიყვანენ თუ არა ავტომობილებს საჯარიმო სადგომზე. 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ამოიღებს თუ არა სატრანსპორტო კომპანია ჯარიმებს იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც „სითი პარკის“ მიერ დარიცხულ ჯარიმებს არ იხდიდნენ, მამუკა კობახიძემ აღნიშნა, რომ სატრანსპორტო კომპანია „სითი პარკის“ სამართალმემკვიდრე არ არის და შესაბამისად, მოქალაქეები ვალდებული არიან, 10 აპრილამდე გამოწერილი საურავი, თუ ჯარიმა „სითი პარკის“ საიტზე გადაიხადონ.

მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანია ჯარიმას ავტომობილის საქარე მინაზე დატოვებს და „საქართველოს ფოსტა“ აღნიშნული ჯარიმის იურიდიულ მისამართზე ჩაბარებას უზრუნველყოფს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იურიდიულ მისამართზე ჯარიმის ჩაბარება არ მოხდა, ის კომპანიაში დაბრუნდება და შესაბამისი ჯგუფი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას უზრუნველყოფს, რათა ჯარიმა ჩაბარდეს.

„აქ ორი საკითხია. შესაძლოა, ჯარიმა არასწორად იყოს გამოწერილი და მისამართი არასწორად იყოს მითითებული, ან კონკრეტულ ადამიანს ჯარიმის ჩაბარება არ უნდოდეს. შესაბამისად, ამ ჯარიმას ადრესატს სამართლებრივი გზებით ჩავაბარებთ“, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.