მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს. როგორც ზვიად კორძაძე აცხადებს, მისთვის გაუგებარია, თუ რას ამტკიცებს პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით.

„ვეღარ ვხვდები რას ამტკიცებს პროკურატურა. ჩვენ გამოვაქვეყნეთ დოკუმენტები რომლებიც მიღებული გვაქვს პროკურატურიდან და რომლიდანაც ჩანს რომ ერთის მხრივ პროკურატურის შუამდგომლობა, მეორეს მხრივ ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია, მესამე მხრივ სასამართლო განჩინება. თუ არკვევენ პირველმა ვინ მიმართა ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია რომ სახელმწიფომ მიმართა და მიიღო ინფორმაცია“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა პროკურატურისთვის ლონდონიდან მიღებული პასუხი იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ ლონდონში „ეიჩესბისი“ (HSBC) ბანკში „თიბისი“ ბანკიდან გადარიცხული თანხა საეჭვოა და სავარაუდოა, რომ აღნიშნული თანხები კრიმინალურ საკუთრებას წარმოადგენს, კორძაძე პასუხობს, რომ საფუძველი ლონდონის შესაბამის ორგანოებს საქართველოდან მიმართვის შემდეგ გაუჩნდათ.

„ეს საფუძველი ლონდონის შესაბამის ორგანოებს საქართველოდან მიმართვის შემდეგ გაუჩნდათ, რომ მიმდინარეობს ფულის გათეთრებაზე საქმე. ზუსტად ეს პრეტენზია ჰქონდათ მამუკას და ბადრის, რომ იგზავნება მსგავსი ტიპის დოკუმენტები აქედან, რომელიც ლახავს მათ რეპუტაციას საზღვარგარეთ“, – განაცხადა კორძაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა ხაზარაძე-ჯაფარიძის გუშინდელი ბრიფინგის სამართლებრივი მხარე შეთანხმებული ადვოკატთან და იყო თუ არა, მათ მიერ გამოყენებული სიტყვა ანტიტერორისტული კონტექტსტიდან ამოგლეჯილი, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებს კორძაძე პასუხობს, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრიფინგი არ იყო სამართლებრივი ხასიათის.

„ეს არ იყო სამართლებრივი ბრიფინგი, სამართლებრივი რომ ყოფილიყო, მეც ვიქნებოდი. მე ჩემს განცხადებაში სიტყვა ანტიტერორისტული არასდროს გამომიყენებია. ბადრიმ გამოიყენა, რადგან დოკუმენტებში, რომელიც მათ გამოაგზავნეს, ფიგურირებს აღნიშნული“, – განაცხადა ადვოკატმა.

27 აგვისტოს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ცდილობს, ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოახდინოს.

მოგვიანებით გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხეს. როგორც პროკურორმა გიორგი მიქავამ განაცხადა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის – პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ.

ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განცხადება დღესაც გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმის მასალები დაცვის მხარის მიერ გასაჯაროვდა არასრულყოფილად, მიზანმიმართული დამახინჯებით, რაც მიზნად ისახავს მორიგი ყალბი ამბის გავრცელებით საზოგადოების დეზინფორმირებას.