მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები ევროსასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები ევროსასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ

​„თიბისი ბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელები ევროსასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ, – ამის შესახებ ინგლისელმა და ფრანგმა იურისტებმა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ქართველ ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ამასთან „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ინტერესების დაცვაში უცხოელი ადვოკატები ერთვებიან.

ლონდონში, სადაც ანგარიშების დაყადაღებაა გასაჩივრებული, ხაზარაძის ინტერესებს სტივენ ქეი დაიცავს, რომელიც საქართველოში „თიბისი ბანკის“ საქმეზე არსებულ სამართლებრივ ვითარებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

„მე აქ ვიმყოფები ჩემი კლიენტის ინტერესების დასაცავად. „თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟაზეა. ამ ბიზნესს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. საკმაოდ უჩვეულო ვითარება შეიქმნა „თიბისი ბანკის“ საქმეზე. 11 წლის წინაანდელ ტრანზაქციაზეა საქმე ახლაა აღძრული. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს შეეძლოთ მანამდე გამოეძიებინათ. ეს ტრანზაქცია არ იყო დაფარული და ცნობილი იყო ეროვნული ბანკისთვის. ბანკი დადიოდა საფონდო ბირჟაზე ლისთინგისთვის და ეს ტრანზაქცია არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის დაწყების საფუძველს. ეს ძალიან უჩვეულო ბრალდებაა. კეთდება პოლიტიკური განცხადებები და ჩანს, რომ პოლიტიკოსებმა დეტალურად იციან ეს საქმე, რომელიც პროკურატურის იურისდიქციაშია. შესაბამისად, იკვეთება პოლიტიკური დევნა. ჩვენ ვაპირებთ ამ საქმის მსვლელობისას გამოვიყენოთ წერილი, რომელიც ლონდონშია ექსპერტიზაზე. ეს არის არსებითი ხასიათის მტკიცებულება. ეს წერილი შეიცავს საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მუქარებსა და დაშინებას, იმას, რაც ახლა ხდება. სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უნდა იყოს. სამართალწარმოება კი სამართლიანი და გამჭვირვალე. ეს საქმე არ უნდა იყოს პოლიტიკოსების განსჯის საგანი. არსებული ბრალდებები გადაიზარდა ალტერნატიული ხასიათის ბრალდებებში. ფულის გათეთრების ბრალდება არ არის მართებული“, – განაცხადა სტივენ ქეიმ.