მამუკა ხაზარაძის განცხადებას ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ეხმაურებიან
მამუკა ხაზარაძის განცხადებას ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ეხმაურებიან

მამუკა ხაზარაძის განცხადებას ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ეხმაურებიან. სამოქალაქო პლატფორმის „ქალები საქართველოდან“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იდა ბახტურიძე აცხადებს, რომ ხაზარაძის ეს განცხადება ცალსახად სექსიზმია და ის 21-ე საუკუნის პოლიტიკოსს არ შეეფერება.

ასევე, მისი თქმით, ის პოლიტიკოსები, რომლებმაც დღეს ხაზარაძე მწვავედ გააკრიტიკეს, თავად ხშირად არღვევენ ქალი კოლეგების უფლებებს

„მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება ცალსახად არის სექსიზმი და თეა წულუკიანს ან სხვა პოლიტიკოსებს ტყუილად აქვთ განცდა, რომ ჩვენ ამაზე რეაქცია არ გვექნება. ჩვენ იმავე წუთებში შევაფასეთ ეს, როგორც სექსიზმი. ვისურვებდი, რომ ასეთივე ერთსულოვნები იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკოსები, ვინც დღეს ამ განცხადებაზე სამართლიანად გააკეთეს განცხადება, რომ არის სექსიზმი და გმობენ იგივე ერთსულოვნება გამოეხატათ იმ მორალური ტერაქტების მიმართ, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება და არა მხოლოდ ეკა ბესელიას მისამართით.
ეს კონკრეტული განცხადება მამუკა ხაზარაძისგან, არის ცალსახა სექსიზმი, მაგრამ ეს არის ისეთი სექსიზმი, რომელსაც ვხვდებით ჩვენს ყოველდღიურობაში. მას არავის მიმართ მორალური ტერაქტი არ მოუწყვია, საბედნიეროდ, მაგრამ როგორც პოლიტიკოსს, მას მაღალი სტანდარტი მოეთხოვება და ნამდვილად მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, იმ ვითარებაში როდესაც ყოველდღიურად ქალი პოლიტიკოსები ხდებიან ბულინგის თუ ტერორის მსხვერპლი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ ტიპის განცხადებებს. მიხარია, რომ მან ახსნა შემდგომში ის განცხადებ. ვისურვებდი, რომ ამ განცხადებაში ყოფილიყო ასევე ბოდიში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ის მეტი სიფრთხილით მოეკიდება თავის მიერ გაკეთებულ განცხადებებს“,- განაცხადა იდა ბახტურიძემ.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.