მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ამ საქმეზე სასამართლო სხდომა პირველად ჩაინიშნა. სავარაუდოდ დღეს პროცესზე მოწმეებს დაკითხავენ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.

„ლელოს“ წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური მართლმსაჯულება გრძელდება.

„ჩვენი პარტიის წევრები იყვნენ აშშ-ში და უკვე გახდა ცნობილი, რომ მოსამართლეების მიმართ უნდა გატარდეს რეალური სანქციები, მწყობრიდან გამოვიდა, როგორც სასამართლო კლანი, ასევე ხელისუფლება, ჩვეულებრივად ხელისუფლება დგას პოლიტიკურ ძალადობაზე პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. მათი ერთადერთი მამოძრავებელი ესაა. აქედან გამომდინარე, ისინი აგრძელებენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და დევნას. მათი არავის ეშინია და ამას საქართველოს მოქალაქეები ძალიან მალე დაუსვამენ წერტილს“, – განაცხადა სამუშიამ.

როგორც „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, პარლამენტში „ლელოს“ გააქტიურებამ ხელისუფლება შეაშინა.

„ხელისუფლების განსაკუთრებული შიში გამოიწვია ჩვენმა გააქტიურებამ ანტიკორუფციული მიმართულებით.  ასევე სასამართლო კლანში იმ განცხადებებმა, რომელიც ჩვენი დელეგაციის დროს გაჟღერდა აშშ-ში სენატორებისგან, რომ დაწყებულია მუშაობა მოსამართლე კლანის წევრების სანქცირებაზე. პირობას გაძლევთ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, დავასრულებთ ერთმმართველობას და პოლიტიკური საქმეების ასე შეკერვას. რაც შეეხება სხვა საკითხს, ჩვენი განწყობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც პირველ დღეს. მთელმა მსოფლიომ, არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ექსპერტი თუ ორგანიზაცია, დაწყებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან დამთავრებული ნებისმიერით, არ ეთქვას, არ გამოექვეყნებინათ, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და არ აქვს არანაირი დანაშაულის ნიშნები. ეს არის შეშინებული ხელისუფლებისა და კლანის მოქმედება“, – განაცხადა ხაზარაძემ.