მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატის განცხადებით, მისი თქმით, მიმდინარე პროცესები და დაკითხული მოწმეთა ჩვენები ცხადყოფს, რომ ფულის გათეთრების ბრალდება უსაფუძვლოა.

„გაგრძელდება ბრალდების მოწმეების გამოკითხვა. გადმოგვეცა მათ მიერ მიცემული ჩვენებები და ამჯერადაც საუბარი ფულის გათეთრებაზე არ იქნება. სამი მოწმე დაიკითხება. ერთ დღეში რადიკალურად არაფერი შეიცვლება. მიმდინარე პროცესები გიჩვენებს, რომ ფულის გათეთრება, რის გამოც ეს ხალხი მიცემულია პასუხისგებაში, არც ერთ მოწმეს არ დაუსახელებია“, – განაცხადა ადვოკატმა, კახა წერეთელმა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა.