მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში სამი მოწმე დაიკითხა
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში სამი მოწმე დაიკითხა

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში დღეს სამი მოწმე დაიკითხა, მათ შორის ეროვნული ბანკის მონიტორინგის ჯგუფის ყოფილი წევრი და პროკურატურის გამომძიებლები.

ბრალდებულების თქმით, პროცესის განახლება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და „ლელოს“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს უკავშირდება.

როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ყველა მოწმე ბრალდებულების სასარგებლო ჩვენებას იძლევა.

„საოცრება ის არის, რომ ყველა მოწმე საჩვენო ჩვენებას ამბობს. ეროვნული ბანკის წარმომადგენლებზე, ვინც ყოველწლიურად და ყოველთვიურად ამოწმებდა იმ ტრანზაქციებს, რომლებსაც თითქოს გვედავებიან, ყველა ადასტურებს, რომ არანაირი დანაშაულის ნიშნები არ იყო და რომ ყოფილიყო, არც დავჯარიმებულვართ იმ დროს. ამიტომ, დასკვნა ერთია – ეს არის ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობა. ეს ბრძოლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არასწორად და არასამართლიანად ექცევიან ამ ქვეყანაში. ეს უნდა იყოს პრეცედენტი, რომ ბრძოლას აქვს აზრი, სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს და გავტეხთ იმ ნიჰილიზმს და უიმედობას,  რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა. არავის არ დავუთმობთ არც ერთ ნაბიჯს და არც ერთ ბრალდებას. ეს არის ოროსნების მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, როგორც ხაზარაძე აცხადებს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ სასამართლო სხდომა ახლა იმიტომ განახლდა, რომ არჩევნები მოახლოვდა.

„დაიწყო არჩევნები და დაიწყო ჩვენი პროცესები. კლანის წევრებს მივმართავ: არანაირი შანსი არ გაქვთ. პარალელურად მიდის მოსამართლეების სწრაფი დანიშვნის პროცედურა. უნდათ, რომ მომდევნო კვირას მოსამართლეები ჩააბეტონონ ქართულ მართლმსაჯულებაში და მერე დაიწყონ ფიქრი იმის აღსრულებაზე, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით გვევალებოდა. უნდა დაგვეწყო პირიქით – ცვლილებები და მერე მოსამართლეების დანიშვნა. ის პროცესი რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩააბეტონონ კლანი სასამართლოში, არ გამოუვათ. დადგება დრო, ამ ეზოში ჯანსაღი, ნიჭიერი, სუფთა და პატიოსანი მოსამართლეებით დაკომპლექტებული სისტემა დაიწყებს იმ მძარცველების გასამართლებას, რომლებიც ბოლო 9 წელი ძარცვავდნენ ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძემ კი პროკურატურას მოუწოდა, აღნიშნული საქმე უკან გაითხოვოს.

„დღეს მოსმენილი ინფორმაცია ისეთივე სასარგებლო იყო, როგორც მაგალითად იმ პერიოდში მეტეოროლოგისთვის რომ ეკითხათ, იმ დროს როგორი ამინდი იყო. მოვუწოდებ პროკურორებს, დროა გაითხოვონ ეს საქმე, რადგან ამ საქმის ნებისმიერი გაგრძელება გარდა იმისა რომ ქვეყანას აყენებს ზიანს და აგდებს უხერხულ მდგომარეობაში, საზოგადოდ ჩვენს რეპუტაციასაც აზიანებს. ზიანის გარდა ამ პროცესს სხვა არაფერი მოაქვს. ამიტომ, მე მოვუწოდებ, გაითხოვონ ეს საქმე დროულად, ეყოთ გამბედაობა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან სწორი გამოსავალი იმ უხერხულ მდგომარეობაში, რაშიც პროკურატურამ შეიყვანა საკუთარი თავი და ქვეყანა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესების გადადების მიზეზი თავდაპირველად ერთ-ერთი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, შემდეგ კი პანდემია.

„დღეს გაიმართა ამ საქმეზე მომდევნო სხდომა. ერთ-ერთი მოწმე იყო ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. დადგინდა, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძეს უკრძალავდა, რომ სესხები გაცემულიყო „თიბისი“ ბანკიდან. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერილებია, რითაც დგინდება ეს ყველაფერი. ამას შემდგომში მოჰყვა ის, რომ შერჩეულ იქნა თვალთმაქცური კომპანია, ამ კომპანიაზე გაიცა სესხები და შემდგომ თაღლითურად იქნა დაუფლებული.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაინიშნა პროცესები ახლა, მოსამართლემაც განმარტა ეს. მოგეხსენებათ ბრალდებულის ჯანმრთელობის გამო იდებოდა თავდაპირველად პროცესები, საზღვარგარეთაც იყო ის სამკურნალოდ და ბრალდებამ ამაზე თანხმობა გამოუცხადა. შემდეგ ქვეყანაში დაიწყო ეპიდემია და ამიტომ გადაიდო ეს პროცესი. ეს არ იყო საპატიმრო პროცესი და როგორც კი გაჩნდა შესაძლებლობა, ჩაინიშნა“, – განაცხადა პროკურორმა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.