მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ​ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროცესზე დაკითხეს ორი მოწმე, აქედან ერთი გამომძიებელია, რომელმაც მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები დაადასტურა, ხოლო მეორე მოწმე – ფინანსების შემფასებელი აუდიტორი.

„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მოწმეები ბრალდებულების სასარგებლო ჩვენებას იძლევიან.

„მინდა, გითხრათ, რომ ამ საქმეში არაფერი იცვლება სხდომიდან სხდომამდე. პირიქით, ემატება პროკურატურის მოწმეების რაოდენობა, რომლებიც საჩვენო ჩვენებას აძლევენ, ანუ ბრალდების საწინააღმდეგოდ. მოწმემ, რომელიც ამ დოკუმენტაციის შედგენაში იყო ჩართული, კიდევ ერთხელ ხმამაღლა, მკაფიოდ თქვა, რომ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ან დაფარული, მით უმეტეს ფულის გათეთრება არ ყიფილა. ვადასტურებ, რომ ეს აბსურდის თეატრია, მაგრამ ჩვენ ძალიან მოთმინებით დაგანახებთ მართლმსაჯულების ნამდვილ სახეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქმეზე ბრალდებული ავთანდილ წერეთლის ადვოკატის კახა წერეთლის განცხადებით, დღეს მოწმის სტატუსით დაკითხულმა გამომძიებელმა დაადასტურა, რომ საქმის მასალების შესწავლისას არანაირი ინფორმაცია ფულის გათეთრებაზე, რაიმე დოკუმენტის გაყალბებაზე არ უნახავს.

„დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებიდან გავიგეთ, რომ აღნიშნული საქმის მასალების შესწავლისას არანაირი ინფორმაცია ფულის გათეთრებაზე, რაიმე დოკუმენტის გაყალბებაზე არ უნახავს. მან დაადასტურა, რომ ეს იყო რეალური კრედიტი აღებული ორგანიზაციების მიერ და შემდეგ მომგებიანი პირობებით გადასესხებული. მან ფაქტობრივად გამორიცხა ამ ოპერაციებში სიყალბე და ფულის გათეთრება. რაც მან დაადასტურა, ეს იყო რეალური სესხი, რეალური ნასესხები, გადასესხებული და არა ფიქცია, როგორც ამას მიიჩნევს ბრალდების მხარე“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით კი პროცესზე მოწმემ ისაუბრა მნიშვნელოვან დეტალზე, რაც საქმეში მონაწილე პირების ბრალეულობას ადასტურებს.

„დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა მოწმემ პირდაპირ ხელი დაადო მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, რომ მათთან გაიმართა შეხვედრა, რა დროსაც საუბარი შეეხებოდა სესხებისგან გათავისუფლებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ შეირჩა ობშორული კომპანია „მარტელო გრუპი“, რომლითაც მოხდა „თიბისი ბანკის“ ჩანაცვლება და „თიბისი ბანკს“ მოესპო შესაძლებლობა, რაიმე ფორმით მოეხდინა სესხების დაბრუნება. ეს არის მნიშვნელოვანი დეტალი, რომლითაც აღნიშნული პირების ბრალეულობა დასტურდება“, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.