მამუკა ხაზარაძემ უმრავლესობას მიმართა - კოკასა შინა რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო,  მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი სიბრძნეა, ნამდვილად არ გვჯერა, რომ თქვენ ბოროტი ადამიანები ხართ
მამუკა ხაზარაძემ უმრავლესობას მიმართა - კოკასა შინა რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი სიბრძნეა, ნამდვილად არ გვჯერა, რომ თქვენ ბოროტი ადამიანები ხართ

მინდა მივმართო კახა კუჭავას, მე გახლავართ თქვენი კოლეგა, რომელმაც ხმამაღლა დააფიქსირა ჩემი ჩანაწერების 19 შემთხვევა, მერე პროკურატურაში 40 ჩანაწერი დავადასტურე, რომ ავთენტური იყო, გეკითხებით თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რა მოიმოქმედეთ, – ასე მიმართა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სესიაზე, პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას.

ხაზარაძემ კუჭავას ჰკითხა, რატომ არ არის გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დაბარეული სუს-ის ხელმძღვანელი.

„მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ტოტალიტარულ რეჟიმზე, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა. კერძოდ, საკითხი ეხება ტოტალიტარულ მოსმენებს, რომელსაც თურმე არ აქვს არანაირი მასშტაბი. უსმენენ ყველას, გისმენენ თქვენ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გიღებენ და ამას ინახავენ იმ დროისთვის, როცა მათ დასჭირდებათ. ამას აკეთებს ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი თავისი საცეცებით. გაოცებული ვარ, როცა ამაზე თქვენ, კანონმდებლებს არ გაქვთ პროტესტი, სადაც თქვენი ყველაზე მთავარი ღირებულება, თქვენი ღირსება, თავისუფლება, თქვენი მანდატია ხელყოფილი. მინდა მივმართო ბატონ კახა კუჭავას , მე გახლავართ თქვენი კოლეგა, ბატონო კახა, რომელმაც ხმამაღლა დააფიქსირა 19 შემთხვევა ჩემი ჩანაწერების, მერე მივიდა პროკურატურაში და იქ 40 ჩანაწერი დავადასტურე, რომ ეს არის ავთენტური. ახლა არ მითხრათ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. გეკითხებით თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რა მოიმოქმედეთ, რატომ არ გამოიძახეთ აქ ის პასუხისმგებელი პირები, რომ პოლიტიკურად გაგერკვიათ? ეს არ არის სახელმწიფო, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ, ეს არის დამორჩილებული ადამიანების რაღაც, გუნდსაც ვერ დავარქმევ, რომლებსაც ეშინიათ ხმის ამიღების. ეს პარლამენტი არის ფიქცია, ბატონო კახა. არანაირი აზრი არ აქვს რაიმეს გამოთქმას, რადგან ხარ ოპოზიციაში და იქეთ მხარეს არის უმრავლესობა. უმრავლესობის მხარე აქეთა მხარეს უყურებს, როგორც მტერს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ის, რაც არჩევნების მეორე ტურის წინ ხდება, ძალადობაა.

მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც მიმართა და განაცხადა, რომ არ სჯერა მათი ბოროტების.

„ახლა მეორე ტურები დაიწყო, რატომ გაბოროტდით ასე, რა არის ეს ზიზღის ენა, ეს ძალადობაა. ვის ასმენინებთ ამას, თქვენი ოჯახის წევრებს, მთელ საქართველოს, ნახევარ ამომრჩეველს, რომელსაც არ მოსწონს თქვენი პოლიტიკა, რას ემსახურება?! ეს ხომ სახელმწიფოებრივი არ არის, ეს ხომ არ არის ჩვენს ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული. როდემდე უნდა ვიძახოთ ცხრაწლიანი ამბავი, როცა დაჭერილი გყავთ ექსპრეზიდენტი. დაჭერილია და ერთადერთი, რაც არის საჭირო, სამართლიანი სასამართლოა, არა მარტო ამ კაცისთვის, არამედ თითოეული თქვენგანისთვის, ჩემთვის, ბადრისთვის, ყველასთვის, ვისაც უსამართლოდ ასამართლებთ. რუსთაველს მოვიშველიებ, აქ ბევრს უყვარს ხოლმე ლექსები. არის ასეთი რამე, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების. დაუფიქრდით რამხელა სიბრძნეა ამაში და მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი სიბრძნეა, ნამდვილად არ გვჯერა, რომ ეს სიბოროტე თქვენს გულებშია, ნამდვილად არ მჯერა. არ მწამს ამის, რომ თქვენ ბოროტი ადამიანები ხართ. მოდით, დავასრულოთ ეს ყველაფერი, ერთმანეთს ნუ შევაზიზღებთ თავს, რადგან ვიღაც ხელისუფლებაში დარჩეს. ნუ ვაიძულებთ სისტემას, რომ თქვენი ოჯახის საძინებლებში შემოვიდეს და თქვენ ჩუმად იყოთ იმისათვის, რომ არ გყოფნით ვაჟკაცობა თქვათ, მოდი აქ ლილუაშვილო და გვიპასუხე, რატომ აკეთებ ამას? იმიტომ, რომ საღამოს ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი წაიკითხოს და გადაიხარხაროს, რომ ყველა საცეცებითა ჰყავს მიბმული? დაფიქრდით, ძალიან გთხოვთ, ჩვენ სახელმწიფოს ვაშენებთ თუ რას ვაშენებთ აქ. რად გინდათ ან ასეთი ხელისუფლება, ან ასეთი ძალაუფლება. მე ასეთ მდგომარეობაში ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, როცა აქეთ მხარე უბრალოდ არ გელაპარაკება, რადგან განსხვავებული აზრი გაქვს“, – განაცხადა ხაზარაძემ.