მამუკა ხაზარაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა - ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით სასწრაფოდ შეხვდით ინვესტორებს, შეაჩერეთ საერთაშორისო დავა, გააფორმეთ შერიგების კონტრაქტი და ინვესტორებიც გამოჩნდებიან
მამუკა ხაზარაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა - ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით სასწრაფოდ შეხვდით ინვესტორებს, შეაჩერეთ საერთაშორისო დავა, გააფორმეთ შერიგების კონტრაქტი და ინვესტორებიც გამოჩნდებიან

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავის დროზე განხორციელდა სპეცოპერაცია არა მისი და ბადრი ჯაფარიძის, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

მამუკა ხაზარაძე მთავრობას მიმართავს, შეხვდნენ ინვესტორებს და შეაჩერონ საერთაშორისო დავა, რომელიც ვაშინგტონსა და ჟენევაში მიმდინარეობს.

„ძალიან გული მწყდება, ბატონო ირაკლი, მეგონა, თქვენ, რომელიც მაშინაც პრემიერი იყავით, როცა ეს პროექტი დაიძრა, ცოტა ობიექტურად გამოხვიდოდით და იტყოდით რეალობას, რა მოხდა. თუნდაც ზრდილობის გულისთვის მაინც იტყოდით, რომ ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც განხორციელდა ჩვენი, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არა მამუკას და ბადრის წინააღმდეგ, მაგრამ მამუკას და ბადრის გავლით, რადგან თქვენ ჩვენი ანგარიშები დააყადაღეთ და დღესაც დაყადაღებულია. იმ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ მოზიდული ათეულობით მილიონი დოლარი და რომელთაც უნდა დაეფინანსებინათ მიმდინარე ოპერაციები ანაკლიაში.

დაგვიყადაღეთ და დღესაც დაყადაღებულია ანგარიშები, მე უბრალოდ დათოს (კაჭარავა) მინდა, ვუთხრა, რომ, დათო, არაჩვეულებრივი სპორტსმენი ხარ. შენ რომ ვინმემ ხელები შეგიკრას და მოედანზე გაგიშვას, მითხარი, დადებ თუ არა ლელოს? აი, ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს. ამას დავუმატოთ ის ამბავი, რომ უპრეცედენტო კამპანია გააჩაღეთ და გამოგვაცხადეთ დამნაშავეებად, არც უდანაშაულობის პრეზუმფციაზე აიღეთ ვალდებულება. სასამართლოშიც შევიტანეთ, მაგრამ არც ერთი სხდომა არ ჩაინიშნა საკვირველად. ჩვენ გავასაჩივრეთ ეს ბრალდება. ორი წელი გავიდა და საერთოდ არ ჩანიშნულა სასამართლო. ამიტომ, მოდით, ბატონო ირაკლი, ახლა გამოსავალს გეტყვით. თქვენ აქ ეკონომიკის მინისტრი გესწრებათ და სიმართლე გითხრათ, ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც სულ ცდილობდა მაშინ, რომ რაღაცა გამოსულიყო ამ პროექტიდან, მაგრამ ახლა ვერ ცდილობს, რადგან არ გაქვთ პოლიტიკური ნება. მგონი, მან უნდა გითხრათ თქვენ, რომ თუ ინვესტორს 80 მილიონს წაართმევ, იქ ახალი ტენდერი ვერ ჩატარდება, ახალი ინვესტორი არ შემოვა, არა მარტო იმ პროექტში, არამედ საერთოდ არ შემოვა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში. ამიტომ, სასწრაფოდ შეხვდით ინვესტორებს, შეაჩერეთ ის საერთაშორისო დავა, რომელიც ვაშინგტონსა და ჟენევაში მიდის, გააფორმეთ შერიგების კონტრაქტი და ამის შემდეგ ინვესტორებიც გამოჩნდებიან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დატოვე კომენტარი