მამუკა ხაზარაძე – ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ
კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ ისეთ განცხადებას, რომელიც არის რევოლუციური, რომელიც მოუწოდებს დამხობისკენ, ეს ქვეყანა ამ უბედურებიდან უნდა გამოვიდეს, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავიდეს არჩევნების ნორმალურ რეჟიმზე, სადაც არ იქნება გაყალბება, არ იქნება ერთ ტომარა კარტოფილზე ხმების მოსყიდვა და არ იქნება დაშინება.
„მთელი პარტია ვემიჯნებით სიტყვა დამხობას და რევოლუციას, ჩვენ უნდა ვიაროთ განვითარებისა და ხვალინდელი დღის მშენებლობის მხრივ, არჩევნების გზით და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ვანო მერაბიშვილს ყავს თავისი პარტია, მისი გადასაწყვეტია პოლიტიკური მომავალი, ჩვენ მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ძალა, შესაბამისად, ვინ ვის წაადგება, ამას ცხოვრება გვაჩვენებს, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს პოლიტიკურ პარტიას და მივდივართ დამოუკიდებლად არჩევნებისკენ. თუ ვანო მერაბიშვილს თავიდან შეაბრუნებენ საკანში, რაღაცა მიზნის გამო, ეს მიზეზი იქნება საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო, ჩავთვლი, რომ ეს არის უკვე პოლიტიკური პატიმარი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.