მამუკა ხაზარაძე - ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობისა და პარტიის დაფუძნების მიმართულებით, იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ქვეყანას შეცვლის
მამუკა ხაზარაძე - ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობისა და პარტიის დაფუძნების მიმართულებით, იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ქვეყანას შეცვლის

პროკურატურა შოკში ჩავარდა, რადგან დეტალური სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა, ხალხო, ცამდე მართლები ვართ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.  ხაზარაძის თქმით, ბრალდებები, თითქოს „მოძრაობის დაფუძნება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ რაღაცას არიან ამოფარებული“ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან, როგორც ხაზარაძე ამბობს, მოძრაობის და პარტიის შექმნა მხოლოდ მას შემდეგ დააანონსეს, რაც პარტნიორები და აქციონერები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნეს.

„24 ივნისს ლონდონში იყო ჩვენი აქციონერთა კრება. 24 ივნისამდე ჩვენი, მე და ბადრის ინიციატივით გადავეცით საერთაშორისო, ძალიან რეპუტაციულ კომპანიებს ჩვენი პერსონალური ანგარიშები, სერვერები, კომპიუტერები, რომ ცივილურ სამყაროში, იქ , სადაც სამართალი სამართალია, სადაც მართლმსაჯულება მართლმსაჯულებაა, შეემოწმებინათ დეტალურად ყველაფერი ბოლო 15 წლის განმავლობაში – ჩვენი პერსონალური და არაპერსონალური ინფორმაცია. დაიდო დასკვნა, რომლის შედეგადაც ჩვენმა აქციონერებმა 98 პროცენტით აგვირჩიეს თავიდან და გვითხრეს, რომ გავაგრძელოთ იმ თანხების მართვა, რომელიც მათია „თიბისი ბანკში“, 20 მილიარდზეა საუბარი და ამის შემდეგ, სამარცხვინოდ პროკურატურა ისევ იწყებს, იმიტომ, რომ შოკში ჩავარდნენ. შოკში ჩავარდნენ იმიტომ, რომ ფულს განდობენ ინსტიტუტები, 105 საერთაშორისო ბანკი და ფონდი. დეტალური სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა, ხალხო, ვართ ცამდე მართლები! ვიღაცები ამბობენ, რომ „მოძრაობა იმიტომ დაიწყეს, რაღაცას ამოეფარონ“. მოძრაობა არ გაგვიკეთებია, ვიდრე ჩვენი აქციონერები და პარტნიორები არ დარწმუნდნენ, რომ სუფთები ვართ და ერთი ხინჯიც კი არ არის. ბოლო 15 წელზეა საუბარი მეგობრებო! მხოლოდ ამის მერე გამოვაცხადეთ მოძრაობის და პარტიის დაფუძნება“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მისივე თქმით, აგრძელებენ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. ხაზარაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ახალ მოძრაობას სექტემბერში დააფუძნებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. როგორც საზოგადოებას შევპირდი, ეს მოხდება სექტემბერში. უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი გვიერთდება. ეს არ იქნებიან ძველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ეს იქნება აბსოლუტურად ახალი ძალა. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც უნდა ახალ საქართველოში ცხოვრება. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი და ბოლო 9+9 წელის განხილვებით არის საზოგადოება დაკავებული და ერთდღიანი შოუებით. გეუბნებით, იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის“, -განაცხადა ხაზარაძემ.