მამუკა ხაზარაძე - თავის დროზე, სააკაშვილიც აპირებდა ჩემს დაჭერას, ასევე აბსურდული საქმე იყო აღძრული, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის სისტემური ცვლილებისთვის და ვიყუროთ წინ
მამუკა ხაზარაძე - თავის დროზე, სააკაშვილიც აპირებდა ჩემს დაჭერას, ასევე აბსურდული საქმე იყო აღძრული, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის სისტემური ცვლილებისთვის და ვიყუროთ წინ

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ ის დაიჭირონ.

ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, „სააკაშვილი დაიჭირეს, ხომ არ ფიქრობთ, რომ თუ ხვალ ისევ „ოცნება“ მოიგებს, შეიძლება, შემდეგი თქვენ იყოთ“.

ხაზარაძის თქმით, თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს, ვერანაირად ვერ შეუცვლიან ვერც ხედვას, ვერც ბრძოლის უნარს.

„ჩვენ ამაზე შეგუებული ვართ პირველი დღიდანვე, ჩვენ არ დაგვიტოვებია ქვეყანა, დავდივართ სასამართლოში და ყველამ იცის, როგორ დავდივართ ამ აბსურდის თეატრში. არაფერს არ გამოვრიცხავ და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ვერანაირად ვერ შეგვიცვლიან ვერც ხედვას, ვერც ბრძოლის უნარს, ვერც იმ მიზნის მიღწევას, რომელიც დასახული გვაქვს, რადგან ეს მიზანი არ არის ჩემი ან ჩემი მეგობრების მიზანი, ეს არის მიზანი ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და როცა შენი ქვეყნის გამარჯვებისთვის იბრძვი, იქ ვერავინ, ვერც ციხე, ვერც დაჭერა ვერ გაგაჩერებს. ასეთი განწყობით ვართ ჩვენ და ასეთი განწყობით მობრძანდით ხვალ არჩევნებზე, მეგობრებო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება კითხვას: „მიშა რომ იყო პრეზიდენტი, როდესმე იფიქრებდით, რომ ამ კადრებს ვნახავდით დღეს ყველანი?“, – ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილიც აპირებდა მის დაჭერას და მის წინააღმდეგ ასევე აბსურდული საქმე იყო აღძრული, თუმცა ახლა ქვეყნის სისტემურ ცვლილებებზე უნდა იზრუნონ და წინ იყურონ.

„ისე, მიშაც აპირებდა ჩემს დაჭერას თავის დროზე, ამიტომ წარსულის გახსენებას აღარ დავიწყებ, იყო საქმე აღძრული ჩემზე, ასევე აბსურდული, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის სისტემური ცვლილებისთვის და ვიყუროთ წინ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.