მამუკა ხაზარაძე - შეწყვიტეთ „თიბისი ბანკის“ საქმე
მამუკა ხაზარაძე - შეწყვიტეთ „თიბისი ბანკის“ საქმე

ოთხი კომპანიის მიერ წლების ნამუშევარი თქვენი სამი ბრიფინგით დაანგრიეთ. ეს იყო ჩვენი და ქვეყნის წინაშე დივერსია. მთელ მსოფლიოში ეჭვმიტანილად გამოგვაცხადეს, ყველგან წავიდა ინფორმაცია, ორი მსხვილი აქციონერი ასეთ მდგომარეობაშიაო, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ხაზარაძემ საკუთარ შესავალ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმ თანხებზე, რომლის მოძიებაც მათ 11 წლის წინ დასჭირდათ.

ხაზარაძემ საქმის პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრა.

„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, უსაფუძვლო, დაზარალებულის არ მქონე საქმე და გთხოვთ, ეს საქმე შეწყვიტოთ”, -განაცხადა ხაზარაძემ.

11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციებთან ერთად, ხაზარაძემ ისაუბრა ე.წ. მუქარის წერილზეც, რომელიც, მისივე თქმით, ყოფილმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

„ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც ერთი წელია, ვისმენთ არის ის, რომ 17 მილიონზე არის საუბარი და არა 80 მილიონზე. 2007 წელს ჯამურად 80 მილიონი დოლარი ვისესხეთ, რადგან „ნაცმოძრაობის“ გამო, ბანკი იყო გაჩერებული, განა იმის გამო, რომ რამე დავაშავეთ, სწრაფად ვიზრდებოდით და ამის გამო გაგვაჩერეს, გვითხრეს, კაპიტალს თუ სასწრაფოდ არ გაზრდით, გაჩერებული იქნებითო. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, წამყვან ბანკს მივადექით, ვისესხეთ 60 მილიონი დოლარი, 20 მილიონი გვაკლდებოდა, სამი მილიონი დოლარი ბორჯომის გენერალური დირექტორისგან ვისესხეთ, 17 მილიონი დაგვრჩა. ჰოლანდიელ პარტნიორებთან წავედით და ვთხოვეთ, უზრუნველყოფა არ გვაქვს და გთხოვთ, ექვს თვიანი კრედიტი გვასესხოთ, რათა ამ კაპიტალში ჩავდოთო. გვასესხეს 30 პროცენტიანი მოკლევადიანი სესხი. ამ რისკზე წავედით. აღნიშნულ ხელშეკრულებებში პირდაპირ წერია, რომ ეს ფული უნდა მოხმარდეს მხოლოდ ბანკის კაპიტალში ჩადებულ ფულს.ირლანდიურმა ბანკმა რამდენიმე თვეში ტრანზაქციის დასრულება გვთხოვა. კრედიტის მოძიება დაგვჭირდა, რამდენიმე კომპანიას ვთხოვეთ 17 მილიონი დოლარის სესხება, რათა ირლანდიურ ბანკთან შეთანხმება გაგვეფორმებინა. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ავთო წერეთელი იყო. მას მადლობა მინდა, ვუთხრა და ბოდიში, ის არაფერ შუაშია დედამიწის ზურგზე ამ ამბავში. ავთო წერეთლისგან 17 მილიონი დოლარი ვისესხეთ, ჩვენთვის რომ ესესხებინა, თანხა ლარში გადაიყვანა, შემდეგ ჩვენ ისევ დოლარში გადავიყვანეთ და ირლანდიელებთან თანხა დავაბრუნეთ. ავთო წერეთელთან ექვს თვიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ. ეს იყო ჩვენი და ჩვენი ქვეყნის წინაშე დივერსია. მთელ მსოფლიოში ეჭვმიტანილად გამოგვაცხადეს, ყველგან წავიდა ინფორმაცია, ორი მსხვილი აქციონერი ასეთ მდგომარეობაშიაო. გახარიას წერილი მივიღე-მეთქი გითხარით, და საქმე არ აღძარით. პირდაპირ გეუბნებით, კრიმინალი გახარაიას წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას. თქვენ არ ჩათვალეთ, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა წერილი. იმაში, რომ შს მინისტრი გემუქრება და გეუბნება, რომ ტელევიზია გააჩეროს, ესენი დანაშაულს ვერ ხედავენ. 11 წლის წინანდელ საქმეში კი, სადაც არც მომჩივანია და არც დაზარალებული, დანაშაულის ნიშნებს ხედავენ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

საქმის განხილვა 27 დეკემბერს, 12: 00 საათზე განახლდება.

გამოძიება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 700-700-ათასლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

დატოვე კომენტარი