მამუკა ხაზარაძე - შეგვიძლია, გავაჩეროთ და დავასტაბილუროთ ლარი
მამუკა ხაზარაძე - შეგვიძლია, გავაჩეროთ და დავასტაბილუროთ ლარი

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ამომრჩეველს პარტიის ეკონომიკური განვითარების გეგმა გააცნეს. გეგმის თანახმად, უნდა მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია და გადავადება. ამავდროულად, ლარის გაჯანსაღებისთვის „ლელომ“ ამომრჩეველს ე.წ. დერეფნის განსაზღვრა შესთავაზა. პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მნიშვნელოვანია, კონკრეტული გეგმით მუშაობა. მან მმართველი გუნდის ლიდერები კიდევ ერთხელ გამოიწვია დებატებში.

ხაზარაძე ამბობს, რომ ქართული ეკონომიკა კრიზისშია.

„ჩიხიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო შეიყვანა, ხელისუფლებას არ აქვს გამოსავლის სწორი სტრატეგია და გეგმა. ლარი ყოველდღიურად უფასურდება და ეს პირველ რიგში ყველაზე მკვეთრად ჩვენს მოსახლეობას ურტყამს. პროდუქტების გაძვირება, ლარის მსყიდველუნარიანობა და ჩამოშლილი ეკონომიკა აუნაზღაურებელ დარტყმას აყენებს საქართველოს მოსახლეობას. ადამიანები გამოუვალ მდგომარეობაში არიან და ამის ფონზე „ქართული ოცნების“ მთავრობა ვერაფერს აკეთებს, მათ არ აქვთ გეგმა, მათ არ აქვთ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის სტრატეგია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ შექმნილი რეალობა არის გაჭირვებული, უპერსპექტივო მოქალაქეები და სასოწარკვეთილი ადამიანები.

„მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 17 პროცენტით გაუფასურდა. წინა წლებს თუ შევადარებთ, ლარი ორჯერ გაუფასურდა. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენს თანამოქალაქეებზე. წლის დასაწყისში ფიზიკურ პირებს ჰქონდათ 3.8 მლრდ დოლარის სესხები; დღეს, მხოლოდ კურსის ცვლილების გამო, ფიზიკურმა პირებმა დაკარგეს 600 მლნ დოლარი – ეს კოლოსალური თანხაა. ეს არის თანხა, რომელიც ადამიანებმა ვერ გამოიყენეს საკუთარი ოჯახებისთვის, შვილებისთვის. ამას თუ კომპანიების მიერ დაკარგულ შემოსავალს დაუმატებთ, ჯამში ერთ მლრდ დოლარს მივიღებთ.

სწორედ ამიტომ, სასწრაფოდ, მინიმუმ ექვსი თვით უნდა მოხდეს ყველა არსებული სესხის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ და ასევე, იურიდიულ პირებსა და კომპანიებს, გადავადება-რესტრუქტურიზაცია. ჩვენ უნდა მოვხსნათ ეს ტვირთი ეკონომიკური კრიზისისგან დაზარალებულ მოსახლეობას. სწორედ ამიტომ, პირველი პროექტი, რომელსაც „ლელო“ პარლამენტში დააყენებს, იქნება ექვსი თვით სესხებზე გადასახადის გადავადება-რესტრუქტურიზაცია, ყოველგვარი ჯარიმების გარეშე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ლარის კურსი სასწრაფოდ გასაჩერებელია.

​„ჩვენ, „ლელო“ ამისთვის ლარის „დერეფნის განსაზღვრის“ მექანიზმის შემოღებას გთავაზობთ. ჩვენ შეგვიძლია, გავაჩეროთ და დავასტაბილუროთ ლარი. სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, უახლოეს მომავალში შესაძლებელია ლარის კურსის დასტაბილურება-გაჩერება. პროფესიონალებისა და მცოდნე ადამიანების სწორი პოლიტიკით ამის გაკეთება შეიძლება და „ლელოს“ აქვს ამის ძალა და კომპეტენცია, რომ ეს რეფორმები გაატაროს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.