მამუკა ხაზარაძე - საგადასახადო ინსპექცია უნდა გაუქმდეს
მამუკა ხაზარაძე - საგადასახადო ინსპექცია უნდა გაუქმდეს

საქართველო უნდა იყოს ინოვაციების, ფინანსური და ლოგისტიკური ცენტრი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ვაკის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას თუ შევხედავთ, უმძიმესი ვითარება გვაქვს. ამ სისტემას აუცილებლად გავარღვევთ და შეკეთებას კი არ დავიწყებთ, არამედ რადიკალურად გამოვცვლით. მე და ბადრიმ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ქვეყნის წინსვლისთვის, იქნება ეს ინვესტიციის მოზიდვა, თუ სამუშაო ადგილის შექმნა. არ დარჩენილა სფერო, სადაც მონაწილეობა არ გვქონია მიღებული. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, იქნება ანაკლია, რადგან მისი მშენებლობა თუ არ განახლდა, ჩვენ ვერ ვიქნებით მსოფლიო სატრანსპორტო რუკაზე და ვერ დავიწყებთ დიალოგს აფხაზებთან. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სახელმწიფო დონეზე მივხედავთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვაკეში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს ხაზარაძემ აღნიშნა, რომ საქართველო უნდა იყოს ინოვაციების, ფინანსური და ლოგისტიკური ცენტრი და არა კაზინოების ქვეყანა.

„ჩვენი გუნდისგან უნდა ელოდეთ რადიკალურ ინოვაციურ ცვლილებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან. საქართველო უნდა გახდეს მიზიდულობის ცენტრი, ჩვენი ძალა არის ინტელექტი – იურისტები, ექიმები, ფინანსისტები, რომლებსაც თავი უნდა მოვუყაროთ. საქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი აიტი სპეციალისტები, თუ მათ შევუქმნით შესაბამის პირობებს და ეცოდინებათ, რომ აიტი ტექნოლოგია, ინოვაცია და სტარტაპები დაიბეგრება 0%-ით, რადგან ხუთ წელში საქართველო ინოვაციების ქვეყნად მინდა გადაიქცეს. სწორედ ამიტომ ვირჩევთ პროფესიონალ ადამიანებს ჩვენს გუნდში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, უნდა გაუქმდეს საგადასახადო ინსპექცია, რომელიც არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომ ბიზნესმენები დასაჯონ და დაემუქრონ. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ცალკე მდგომი საგამოძიებო ბიურო, რომელსაც ექნება მაღალი ხარისხის ნდობა.

დატოვე კომენტარი