მამუკა ხაზარაძე - როგორც ვიცი, კიბერშეტევის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რა ეტაპზეა, ვერ გეტყვით
მამუკა ხაზარაძე - როგორც ვიცი, კიბერშეტევის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რა ეტაპზეა, ვერ გეტყვით

„თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმეზე, როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა რა ეტაპზეა, მე ვერ გეტყვით,  – ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, როცა ზაფხულში ბანკზე კიბერშეტევა მოხდა, „თიბისის“ საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურმა აღმოაჩინა, არამხოლოდ სიგნალი, არამედ ქუჩისა და ოფისის, ასევე აიპი მისამართები და ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.

ხაზარაძის განცხადებით, ეს იყო საკმაოდ სერიოზული კიბერშეტევა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„დეტალებს ვერ გეტყვით. ვფიქრობ, წერილები ცნობილია თქვენთვის, წერილებში წერია, რომ ჩვენმა საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტმა აღმოაჩინა სიგნალი, მისამართებიც, აიპის მისამართებიც და ქუჩის და ოფისის მისამართებიც. ეს გადავეცით ღიად, საჯაროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს. შესაბამისად, როგორც ვიცი და ინფორმაცია მაქვს, ისევე, როგორც თქვენ იცით, მიმდინარეობს გამოძიება. მე ვერ გეტყვით გამოძიება რა ეტაპზეა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმის გამოძიების ფარგლებში, რუსთაველის 12 ნომრიდან კომპიუტერებია ამოღებული.