მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა, ვერ შეგვაშინებ და ვერც გაგვაჩერებ
მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა, ვერ შეგვაშინებ და ვერც გაგვაჩერებ

როგორც იქნა, მეც გავერკვიე, რაში გვდებენ ბრალს და ეს არის ძალიან საინტერესო, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა გადაიდო.

„თურმე იურიდიული პირიდან სესხის აღება 17-პროცენტიანი სარგებლით, ოფიციალურად საბანკო არხით მისი კონვერტირება და შემდგომ გადარიცხვა არის ფულის გათეთრება. საბოლოო ჯამში, ასე ჩამოყალიბდა ჩვენი წინა ბრალდება. ეს ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც აუღია მაღალპროცენტიანი თუ დაბალპროცენტიანი სესხი, გადაუხურდავებია ან დაუკონვერტირებია სხვა ვალუტაში, რადგან შიდა გადარიცხვა ლარით უნდა მოხდეს და უცხოეთში, იმ ვალუტაში, რომელშიც ის არის გადასარიცხი. შესაბამისად, ყველა ადამიანი საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, უნდა იყოს ჩვენთან ერთად. ასეთ აბსურდამდე მივიდა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.

„ბიძინა ივანიშვილს ეშინია პირადად ჩვენი, იმ ადამიანებისა და ამომრჩევლის, რომელსაც ამოუვიდა ყელში მდგომარეობა, რაც დღეს არის შექმნილი. ყველანაირი მეთოდით ცდილობს, შეგვაჩეროს, დაგვაშინოს ან რამე ზომები მიიღოს. მინდა, მას პირდაპირ ვუთხრა, ვერც შეგვაშინებ ვერაფრით ვერ გაგვაჩერებ. ვერაფრით გააჩერებ იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, ვერ შეაჩერებ იმ ნებას, რომლითაც ეს მახინჯი სისტემა, რომელიც მარიხუანას ბიზნესგეგმებზეა, ახლა კიდევ სხვა რაღაც ბიზნესგეგმებზე გაქვთ თავში ჩადებული.

ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი. გპირდებით, ამას ყოველთვის გავიმეორებ იმ ათასობით ადამიანთან ერთად, რომელიც გვიერთდება. ამ რეალობას ჩვენ შევცვლით უკეთესობისკენ. თქვენ გაგიშვებთ პოლიტიკურ, ძალიან დიდ, გრძელვადიან შვებულებაში თქვენს თანამოაზრეებთან ერთად. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო „ოცნების“ ე.წ. უცხოეთში განათლებულ ახალგაზრდებს – გრცხვენოდეთ, ასეთ რეჟიმს რომ ემსახურებით, გრცხვენოდეთ იმ რეფორმების, რომელიც ვერ ჩაატარეთ და ვერც ჩაატარებთ, გრცხვენოდეთ იმ სიცარიელის, რომელიც არ გაგაჩნიათ. თქვენ არ გაგაჩნიათ მიზანი, გეგმა, თავმოყვარეობაც კი, რადგან ასეთ უსამართლობას თქვენ ეგუებით. მაკო გომურის დაზარალებულად არ გამოცხადება არის საბოლოო წერტილი თქვენი ადამიანობისა და თქვენი დამოკიდებულების საერთოდ სამართალსა და სამართლიანობაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ ბრალდებული დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა 2 დეკემბრისთვის გადაიდო.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მიზეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სამუშაო განრიგი გახდა. მისი თქმით, სამუშაო გრაფიკი მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და დღეს სხვა სასამართლო პროცესები აქვს ჩანიშნული.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.