მამუკა ხაზარაძე - ქვეყანას არ ჰყავს მმართველი ძალა, რომელსაც ხვალინდელი დღისკენ მიმართული ხედვა აქვს
მამუკა ხაზარაძე - ქვეყანას არ ჰყავს მმართველი ძალა, რომელსაც ხვალინდელი დღისკენ მიმართული ხედვა აქვს

„ქართულმა ოცნებამ“ სრულად მოიჭრა თავი არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, პირველ რიგში, ჩვენს პარტნიორებთან, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოს არ ჰყავს, მმართველი ძალა, რომელსაც ხვალინდელი დღის ხედვა ექნება.

„მათ თავი მოიჭრეს ყველაზე ცუდი რამით, რასაც ვერ ეგუება ვერავინ პარტნიორობაში – ეს არის ტყუილი, ეს არის ის მექანიზმი, ბოტების ქარხნები, რომელიც მათ შექმნეს. დიდი ხანია, პირადად მე ამ პროცესს ვებრძვი და ჩემი გუნდი. ეს არის ქვეყნის აბსოლუტურად ცუდ პოზიციაში ჩაყენება ყველა მიმართულებით. არც ერთი პარტნიორი არ გაპატიებს არც ერთ ტყუილს და, როცა ტყუილების სერიაში გვაცხოვრებენ, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს მმართველი ძალა და ამას ვადასტურებ, არ ჰყავს ძალა მმართველი, რომელსაც თუნდაც რაღაც ხედვა აქვს, ხვალინდელი დღისკენ მიმართული ხედვა და შესაბამისი კომენტარებიც არის“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ სრული სიმართლეა, რასაც დასავლელი პარტნიორები წერენ და აცხადებენ.

„ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს და ხელისუფლება უნდა წავიდეს სახლში. „ოცნებამ“ „ფეისბუქის“ დაკეტილი ბოტების 400 გვერდიც თავისებურად გაიგო, ვფიქრობ, უკვე აღქმის პრობლემასთან აქვთ საქმე, თავისი სამყარო აქვთ. მოწყდნენ რეალურ ცხოვრებას ძალიან. ნათლად წერია განცხადებაში, რომ საქართველოს პროკურატურა არის გამოყენებული პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ჩვენ ვართ ამის მაგალითები, ჩვენით დაიწყო ეს პროცესი, შემდგომ სხვა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების მიმართ დაიწყო და შესაბამისად, გრძელდება. მგონი, ნათელია და არავის სჭირდება ახსნა,  რომ ბიძინა ივანიშვილი იყენებს პროკურატურას, რათა განსხვავებული და ოპოზიციური აზრი და მათი ლიდერები პროკურატურის ძალით შეავიწროვოს, ჩირქი მოსცხოს და სხვადასხვა ზომა მიიღოს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს არავის გამოუვა.

„ეს მას არ გამოუვა, არავის გამოსვლია ქვეყანაში. არავის ეშინია მისი, მით უმეტეს, ამ კორუმპირებული და საბჭოური მენტალობის პროკურატურის. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათლად წერია მით უმეტეს. ვინც ინგლისური არ იცის, შეუძლია, თავიდან გადაიკითხოს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.