მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა დიდი პრობლემის წინაშე დააყენა და ეს ფასდება წერილებით, რომლებსაც პარტნიორები თითქმის ყოველდღე გვიგზავნიან
მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა დიდი პრობლემის წინაშე დააყენა და ეს ფასდება წერილებით, რომლებსაც პარტნიორები თითქმის ყოველდღე გვიგზავნიან

„ქართული ოცნების“ მმართველობამ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ქვეყანა საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე დააყენა და ეს პრობლემა უკვე ფასდება იმ წერილებით, რომლებსაც თითქმის ყოველდღე გვიგზავნიან ჩვენი პარტნიორები ძალიან მაღალი ტრიბუნებიდან, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილი ვითარება საგანგაშოა და „ქართულმა ოცნებამ“ ახსნა-განმარტებები უნდა გააკეთოს.

„კეთილი ინებოს ბიძინა ივანიშვილმა, გამოვიდეს და ახსნას, რატომ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აფასებს „ოცნების“ მმართველობას და იმ კურსიდან გადახვევას, რისთვისაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ხალხი მუხლჩაუხრელად იბრძოდა. ეს არის შეფასება ქვეყნის კურსისა, რომელ მდგომარეობამდეც მიიყვანა „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის საგანგაშო და ჩვენ არ უნდა ვიყოთ წერილების მიმღები. გააკეთონ ახსნა-განმარტება ან ჩამოშორდნენ ხელისუფლებას, რომელსაც ასე უნიათოდ და დამაზიანებლად მართავენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, „ლელო საქართველოს“ ლიდერმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ანაკლიის პორტის აშენება არ სურს.

„მმართველ პარტიას, „ოცნებას“ ანაკლიის აშენება არ უნდა. მგონი, კითხვა უნდა დაუსვათ რომან კაკულიას, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ამ პორტის ჩაშლა პირდაპირ რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა; დაუსვათ კითხვა ქობულიას, მათ ყოფილ მინისტრს, რომელიც დღეს აცხადებს, რომ ანაკლია არ სჭირდება ქვეყანას; დაუსვათ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაში. ეს არის სულ ფიქცია, რასაც ისინი ამბობენ და ამ ხელისუფლების პირობებში, არ მოხდება ანაკლიის მშენებლობა,  მიუხედავად ჩვენი ძალიან დიდი მცდელობისა. გამოსავალი არის ერთი – ჩვენ გავისტუმრებთ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებით და მეორე დღესვე დავიწყებთ ანაკლიის მშენებლობას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დატოვე კომენტარი